გუდაური

გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ეკონომიკის სამინისტრო

დღეს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა და დაარსების 30 წლისთავი საზეიმოდ აღნიშნეს. ღონისძიებას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გუდაური წლევანდელ სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურით ხვდება. უწყებაში ამბობენ, რომ კურორტზე 6 ახალი საბაგირო აშენდა, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა "ძველი კუდებისა" და "საძელეს" საბაგიროებს.

უწყებაში ამბობენ, რომ ახალი საბაგიროების მშენებლობით კურორტზე გამტარუნარიანობა 3.5-ჯერ გაიზრდება. მათივე თქმით, დამატებითი საბაგიროების მშენებლობასა და არსებულის რეკონსტრუქციის შემდეგ სასრიალო არეალი 20%-ით გაიზარდა.

"კურორტზე ასევე მიმდინარეობს, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მე-2 ფაზის მშენებლობა. გუდაურმა დაარსებიდან დღემდე მილიონობით ტურისტს უმასპინძლა, ამ ხნის მას აღმოსავლეთ ევროპის ზამთრის კურორტებში მოწინავე ადგილი უჭირავს", - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობით, გუდაურში რამდენიმე მსხვილი პროექტი მიმდინარეობს.

"კობი-გუდაურის საბაგიროების მშენებლობა, რომელიც 7.5 მ. სიგრძისაა, კობი-გუდაურის საბაგირო გზის მშენებლობით, გუდაური-კობი -ყაზბეგი ერთ კლასტერად იქცევა. ახალი საბაგიროები "სოლიკო" და "კუდები" ღია "ბაბლის" ტიპის 6-ადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყოფს, ხოლო საბაგირო "პირველი" ღია, ასევე 6 ადგილიანი. საბაგირო "პირველის" და "სოლიკოს" გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი "კუდების" კი 2200 მგზავრი იქნება", - ამბობენ უწყებაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ. უწყებაში ამბობენ, რომ 2011/2012 - 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა.

კომენტარები