სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია

შსს აქციის ორგანიზატორებს: დაიცავით მართლწესრიგი, დაემორჩილეთ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ინაუგურაციასა და პარალელურად დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავენ.

გარდა ამისა, შსს აღნიშნავს, რომ დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

"მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია. უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა 
გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ ინაუგურაციის გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

კომენტარები