საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია ძალაში შევიდა

0 კომენტარი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ ძალაში შევიდა საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია. 

ქვეყნის მთავარ დოკუმენტში ცვლილებები 2017 წელს განხორციელდა. კონსტიტუციის ეს რედაქცია მხოლოდ მმართველი გუნდის, ქართული ოცნების მიერ არის მხარდაჭერილი. 

ცვლილებებს შორის არის: 

უქმდება საქართველოს პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესი. 2024 წლიდან მას არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგიაში შევა საქართველოს პარლამენტის 150-ვე წევრი, ასევე აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. სხვა წევრები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან ცესკოს მიერ განსაზღვრული კვოტების მიერ აირჩევიან. შემადგენლობას ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისია დაამტკიცებს 

კიდევ უფრო იზღუდება პრეზიდენტის უფლებამოსილებები - მას ჩამოერთმევა პარლამენტისთვის სასამართლოების თავმჯდომარეების წარდგენის უფლებამოსილება. უქმდება პრეზიდენტის სათათბირო ორგანო - უშიშროების ეროვნული საბჭო. 

ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის არჩევნების თარიღს პარლამენტი დანიშნავს. 

უნდობლობის პროცესის ჩავარდნის შემთხვევაში, პრეზიდენტი უფლებამოსილი იყო, დაეთხოვა პარლამენტი, ახალი კონსტიტუციით კი ასეთ შემთხვევაში პარლამენტის დათხოვნა არ მოხდება. პრეზიდენტი ვეტოს ვეღარ დაადებს პარლამენტის მიერ პრემიერის მისთვის წარმოდგენილ ახალ კანდიდატურას. 

თავდაცვის ძალები ჩვეულებრივ, არასაომარ ვითარებაში არა პრეზიდენტის, არამედ თავდაცვის მინისტრის, ხოლო საომარი და საგანგებო მდგომარეობის ან ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს - პრემიერის ბრძანებით მოქმედებენ. 

იცვლება პარლამენტის არჩევის წესი - უქმდება მაჟორიტარული სისტემა და ის მთლიანად პირდაპირპროპორციული ხდება. თუმცა, კონსტიტუციის ამ ნორმის ამოქმედება არა 2020, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იგეგმება. 

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შემდეგ საარჩევნო ბარიერი 5%-დან 3%-მდე დაიწევს. 

საერთო სასამართლოების მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან. თუმცა, პირველად განმწესების შემთხვევაში, მოსამართლეები დაინიშნებია 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით. 

კონსტიტუციით სასოფლო-სამეურნეო მიწას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის საკითხი და იკრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისება - კონსტიტუციაში წერია, რომ "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში", გამონაკლისი შემთხვევები კი ორგანული კანონით დარეგულირდება. 

შეიცვალა ქორწინების განსაზღვრება - ამიერიდან ქორწინება არა მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას ემყარება, არამედ არის "ქალის და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები