ძალა ერთობაშიას აქცია რუსთაველზე

ვაშაძე: მოთხოვნები იქნება ვადამდელი არჩევნები და მთავრობის გადადგომა 

რუსთავი 2

გიორგი ვაშაძის თქმით, "ძალა ერთობაშიას" აქციების მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და მთავრობის გადადგომა იქნება, რაც აუცილებლად გამოიწვევს სალომე ზურაბიშვილის დელეგიტიმაციას, საბოლოოდ კი არჩევნების ანულირებას. 

როგორ მან რუსთავი 2-თან თქვა, დეტალებზე გაერთიანების ლიდერებმა ჯერაც უნდა იმსჯელონ. 

"ამ წუთის გადაწყვეტილება არის შემდეგი - ფართომასშტაბიან კარვების აქციას არ ვიწყებთ, თუმცა, ვისაც სურვილი აქვს, მათ სურვილს ვიზიარებთ და პროტესტში ვუერთდებით, მაგრამ ეს ჩვენი სისტემური გადაწყვეტილება არ არის. 

გაერთიანების ლიდერებს გვექნება სიღრმისეული თათბირი სამოქმედო გეგმის შესახებ. მოთხოვნები იქნება ვადამდელი არჩევნები. მთავრობა უნდა გადადგეს, იმის გამო, რაც მათ დღეს ჩაიდინეს და სრული აუცილებლად დელეგიტიმაცია მოხდება სალომე ზურაბიშვილის და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი მივა არჩევნების ანულირებამდე, მათ შორის იმიტომ, რომ ამის სამართლებრივი საფუძვლებს და დოკუმენტაცია არსებობს. აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ამ ბრძოლას. ყოველდღე დავასაბუთებთ, რომ ქართული ოცნება არის დანაშულებრივი ხელისუფლება, რომელიც ყოველდღე არღვევს კონსტიტუციას და კანონს",- თქვა გიორგი ვაშაძემ. 

ძალა ერთობაშიას" აქციის მონაწილეები პარლამენტთან არიან შეკრებილები, გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. 

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ადამიანები აქციის დაწყებას ელოდებიან. ენმ-ის წევრებმა თქვეს, რომ საკუთარ გეგმებზე ისინი სწორედ ამ აქციაზე ისაუბრებენ. 

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

თბილისში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები თელავში სამართალდამცველებმა არ შეუშვეს - ისინი აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდნენ. 

ასევე, რუსთაველზე აქციის გამართვის აუცილებლობაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქ-ჩართვაში. მან მხარდამჭერებს აქ შეკრებისკენ მოუწოდა, ვინაიდან, მისი თქმით, "არჩევნები მოიპარეს, ივანიშვილმა კი ძალაუფლება უნდა დათმოს". 

კომენტარები