ფიზიკური დაპირისპირება კახეთში

გახარია: დეპუტატი, პარტიის თუ ადგილობრივი ხელისუფლების წევრი, ყველა აგებს პასუხს

გიორგი გახარია
შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, დღეს კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. 

გახარიამ თქვა, რომ მოქმედებები ხვალიდან დაიწყება. 

შს მინისტრი ჯეო ჰისპოტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებული პოლიციელები და აქციის მონაწილეები მოინახულა. კომენტარი სწორედ კლინიკაში გააკეთა. 

"მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ თითოეულ ფაქტზე ჩატარებული იქნება სრულფასოვანი გამოძიება. იქ სადაც დადასტურდება, ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციების შედეგად, პოლიციის მიმართ მიყენებული ან ფიზიკური, ან სიტყვიერი ან სხვა სახის ძალადობა, ან შეურაცხყოფა, ისევე როგორც აქციის სხვა მონაწილეების მხრიდან იყო გარკვეული დაზიანებები მიყენებული, ყველას შემთხვევა იქნება გამოძიებული დეტალურად. ყველა აგებს პასუხს მიუხედავად მათი სტატუსისა, დეპუტატი იქნება ეს, პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი თუ ვინც არ უნდა იყოს.

არავის აქვს უფლება იძალადოს საქართველოს მოქალაქეზე, რიგით მოქალაქეზე. მით უმეტეს, არავის აქვს უფლება იძალადოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პოლიციის წარმომადგენელზე, რომელიც მოწოდებული არიან დაიცვან მართლწესრიგი. ეს არის ერთმნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ყველა ჩვენ უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ ახლა მოვინახულეთ, როგორც ერთი მხარე, ასევე მეორე მხარე და გარწმუნებთ,

ხვალიდან დაიწყება აბსოლუტურად ობიექტური და ძალზედ აქტიური ქმედებები იმისთვის, რომ თითოეული დამნაშავე, რომლის მხრიდანაც იყო ძალადობრივი ქმედება დადასტურებული, იქნება სისხლის სამართლის, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - პასუხს აგებს კანონის წინაშე", - თქვა გახარიამ. 

დღეს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვასაც გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა: დღეს თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
 

კომენტარები