უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

რა მოხდა უკრაინის გამაერთიანებელ კრებაზე?

დიაკონი ირაკლი ჯინჯოლავა
0 კომენტარი

უკრაინის გამაერთიანებელი კრება

15 დეკემბრის სუსხიანი დილა თენდებოდა. კიევის ქუჩები თოვლისგან გადათეთრებულიყო. ან, იქნებ, ეს სიფითრე ამ დღის სიმძიმისა და ერთგვარი შიშის მომასწავლებელია(?). აია სოფია - წმინდა სიბრძნე - კრების, უკრაინელ მართლმადიდებელთა გაერთიანების მოლოდინშია. ხალხი ნელ-ნელა თავს იყრის. ათასობით ადამიანი მოვიდა და ყინვის მიუხედავად დიდი სიახლის მოლოდინშია. სასულიერო პირებმაც იწყეს მოსვლა. ასე მოიყარა თავი გამაერთიანებელი კრების 200-ზე მეტმა მონაწილემ. თუმცა, სხვაც ბევრი აკლდა. დაძაბულობა იმატებს. კრების დაწყება არმომსვლელთა გამო ვერ ხერხდება. საერონი თუ სასულიერონი შფოთვამ მოიცვა. კრება ჩაშლის პირას დგება. მავანს უხარია. წმინდა სიბრძნის მადლით მობილიზება ხერხდება. კრება დაიწყო. გადაწყვეტილების მიღება რთულდება. თითქოს, კრებას დასასრული არ უჩანს. ასობით სხვადასხვაგვარი ხმა და სიცრუე ვრცელდება. რა ხდება? კითხულობს ათასობით მორწმუნე. პასუხი არ ისმის. დაძაბულობა პიკს აღწევს...

თუ ცოტაოდენმა მხატრულმა წინასიტყვამ, გუშინდელი დღის ემოციებში დაგაბრუნათ, მაშინ ლეგიტიმურია, კვლავ გავიმეოროთ კითხვა: რა ხდება? რა მოხდა 15 დეკემბრის კრებაზე?

გუშინდელ გამაერთიანებელ კრებას 2 აქამდე არაღიარებული ეკლესიის (უმე-კს და უამე; დაახლოებით 55 მღვდელმთავარი) გარდა, 10-15 უმე(მს)-ის მღვდელმთავარი უნდა დასწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის საეგზარქოსოს ამ მღვდელმთავრებს თანხმობა ქონდათ გაცხადებული კრებაზე მონაწილეობისა და მეტიც, უმრავლესობა მათგანი საკუთარ (უმე-მს) სინოდებს უკვე არც ესწრებოდა, ჰოი საოცრებავ, და არ მოვიდნენ, რამაც კრების ჩატარება დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. პირდაპირ რომ ვთქვათ, მსოფლიო საპატრიარქოსთვის უმნიშვნოლოვანესი იყო მოსკოვის საეგზარქოსოს ეპისკოპოსთა თანამონაწილეობა, რადგან სწორემ მათი კადრის გაყვანა სურდათ ახლადშობილი ეკლესიის მწყემსთავრად, იმისათვის, რომ ამ ახლად დაარსებული ეკლესიის, განსაკუთრებით კი მისი მეთაურის ლეგიტიმაციის პროცესი სხვა ადგილობრივი ეკლესიებისთვის ეჭვქვეშ არ დამსგარიყო. ასევე, ეს მისცემდათ მათ (კონსტანტინოპოლს) საშუალებას უკრაინის კანონიკურად ცნობილი ეკლესიის გარდატეხისა, რაც ამჟამად განვითარებული მოვლენებით კიდევ უფრო რთული ხდება. თუმცა, სიტუაციის იმგვარ მსვლელობას, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ახალი და დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბების პროცესში, რომელსაც ავტოკეფალია უნდა მიენიჭოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორ განვითარდა მოვლენები?

ისედაც დაძაბულობით დაწყებული კრება, გამოწვეული იმ ფაქტით, რომ მოსკოვის საეგზარქოსოს მხოლოდ 2 მღვდელმთავარი მივიდა კრებაზე, კონსტანტინოპოლი ვერ ახერხებს თავისი კანდიდატის გაყვანას. მისი რესურსების გათვალისწინებით, რომელიც ამ შემთხვევაში უკრაინული სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერაში გამოიხატება, სიტუაციაზე ზეგავლენის მოხდენის საშუალებას იძლევა, თუმცა ეს არაკანონიერს გახდიდა კრების მსვლელობას და კრებსითობას გამორიცხავდა (აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი მეთოდით მუშაობა დამახასიათებელი რუსული ეკლესიისათვის). კრებაზე შედგა ლეგიტიმური კენჭისყრა, რომელშიც გაიმარჯვა მიტროპოლიტმა ეპიფანემ (დუმენკო), რომელიც გადამდგარი პატრიარქის, ფილარეტ დენისენკოს მარჯვენა ხელსა და მის კანდიდატურას წარმოადგენდა.

გამაერთიანებელი კრების კანონიკური ასპექტი

მომხდარის ღმრთივსულიერი გაგება და მისი კანონიკურობა მდგომარეობს იმაში, რომ ეკლესესიის ბუნება კრებსითია. შესაბამისად, ეკლესია კრებაა, ხოლო კრება ჭეშმარიტ სწავლებაზე ეკლესიის მოწმობის გაცხადებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინაში გამართულმა გამაერთიანებელმა კრებამ, მიუხედავად მისი დამნიშნავს-წარმმართველისა, კონსტანტინოპოლის სურვილისა - გაეყვანა სხვა კანდიდატი - გამოავლინა თვითმყოფადი ბუნება, კრებსითი პრინციპით, გამოირჩია თავისთვის მისაღები კანდიდატი და ამით დაამტკიცა თავისი დამოუკიდებლობა. კონსტანტინოპოლი კი, ხედავს რა მათ სულისკვეთებას, განსხავავებით რუსეთის ეკლესიისა, არ ძალადობს კრებსით სულზე, იღებს რა მათ გადაწყვეტილებას, როგორც დამოუკიდებელს, თვითმყოფადსა და თავისუფალს, მისთვის ლეგიტიმურად მინიჭებული პირველობის ძალით, ანიჭებს მის საფარველ ქვეშ შობილ ახალ ეკლესიას ავტოკეფალურობას და ამით ქმნის მას თავის სწორ და-ეკლესიად.

კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტად გამორჩეულ უნეტარეს ეპიფანზე კი შემდეგი გვეთქმის: რამდენადაც მიუღებლად და შეუფერაბლადაც (მაგ. ასაკი) არ უნდა ვთვლიდეთ ჩვენ აღნიშნული კანდიდატურას, იგი არჩეულია კრებსითი სულით უკრაინის გამაერთიანებელი კრების მიერ და შესაბამისად ლეგიტიმურია სულიწმინდის ძალით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები