ევროპული საქართველო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გუშინ, 16 დეკემბერს კახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში დაიბარა. 

ბოკერიას განცხადებით, პარლამენტის სპიკერმა ირაკლი კობახიძემ, რამდენჯერმე დადო პირობა გახარიას სახელით, რომ შს მინისტრი პარლამენტში მივიდოდა, თუმცა ეს პირობა არ შესრულებულა. 

დეპუტატმა უმრავლესობას პარლამენტის რეგლამენტის ის ცვლილება გაახსენა, რომლის მიხედვითაც მინისტრთა კაბინეტის წევრებს აღარ აქვთ კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რომ მივიდნენ პარლამენტში იმ შემთხვევაში, თუ მათ დეპუტატები დაიბარებენ. 

ბოკერიამ აღნიშნა, რომ რეგლამენტის შეცვლამდეც ეს კანონი არცერთ მინისტრს არცერთხელ არ დაუცვია. 

"ეს ახალი კანონი, რომელიც თქვენ [ქართულმა ოცნებამ] აღმასრულებელი ხელისუფლების ინტერესებს მოარგეთ, რაც ჩემი აზრით, თავისთავად უმძიმესი ნაბიჯი იყო, ამას მაინც თუ დაიცავენ ახლავე. ჩემი აზრით, წინა რეგლამენტით გაწვეული ჩვენი მოწვევა ძალაში უნდა იყოს და უნდა მობრძანდეს [გიორგი გახარია]. რატომ უნდა ეშინოდეს ოპოზიციურ ფრაქციასთან შეხვედრის, ჩვენ რა უნდა ვუქნათ? ან ის პირობა დაიცვას ან ახლა ეს პირობა დაიცვას და ეს თქვენი ვალდებულებაა. 

აქ ახლა ის დისკუსია არ გამიმართოთ, როგორი საშინელები არიან ოპოზიციაში, თქვენ როგორები ხართ, მაშინ რას ვშვრებოდით და ა.შ. ისევ თუ შემოხვალთ ამ თამაშში, კი ბატონო, გიპასუხებთ, რამდენჯერაც გინდათ - აქ ლაპარაკია პარლამენტისა და ხელისუფლების ვალდებულებაზე, ანგარიში ჩაგვაბაროს, ჩემი აზრით, ამ სამარცხვინო და ქვეყნისთვის ძალიან საზიანო პოლიტიკური კრიზისის დროს," - თქვა ბოკერიამ ბიუროს სხდომაზე. 

ამასთან, ბოკერიამ უმრავლესობის წარმომადგენლებს ჰკითხა, რა უნდა მომხდარიყო იმაზე მეტი, რაც ბოლო პერიოდში მოხდა, რომ პარლამენტმა განახორციელოს თავისი ზედამხედველობა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. 

"რა უნდა მოხდეს იმაზე მეტი, რაც გუშინ ვიხილეთ [კახეთში], რაც იქამდე ვიხილეთ, ვგულისხმობ, ბიულეტენების ჩაყრას, რა დროც გავიდა ახალქალაქის ინციდენტიდან, როცა ოპოზიციის შტაბბინაში ხელკეტებით დღისით, მზისით შევარდნენ, რომ პარლამენტმა აიძულოს ხელისუფლება, რომელიც თვითონ პოლიტიკურ განცხადებასაც კი არ აკეთებს და არ გმობს ამ ყველაფერს. ჩაყრის კადრები ვნახეთ და ერთი განცხადება არ მომისმენია არც პროკურატურის და არც არავისი, არც თქვენ აღშფოთებულხართ ამაზე. სამაგიეროდ, მოვისმინე ხმამაღალი ბაქი-ბუქი, როგორ დასჯიან ოპოზიციას იმისთვის, რაც არ მოეწონათ, ან რა დარღვევაც იყო, მნიშვნელობა არ აქვს,"- განაცხადა ბოკერიამ. 

გუშინ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად კახეთში გაერთიანების "ძალა ერთობაშია" წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა. პოლიციას გზები ჰქონდა გადაკეტილი და აქციის მონაწილეებს თელავისკენ გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა.

კომენტარები