პატიმრის გარდაცვალება

ბრალდებული, რომელიც ბრალს არ აღიარებდა და გლდანის ციხეში შიმშილობდა, გარდაიცვალა

გლდანის ციხე
AFP

პატიმარი, რომელიც გლდანის ციხეში შიმშილობდა, გარდაიცვალა. ინფორმაციას ადასტურებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურშიც.

გიორგი ფასეიშვილს ბრალდებულის სტატუსი ჰქონდა, სასამართლოში მისი საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობად და შესაბამისად, გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. 

უწყებაში ამბობენ, რომ ფასიეიშვილი სამედიცინო პერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის შეთავაზებულ დახმარებაზე უარს აცხადებდა.​

"პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების დღიდან ბრალდებული დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი ყურადღების ქვეშ იმყოფებოდა და სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ბრალდებული უარს აცხადებდა სამსახურის მიერ მისთვის შეთავაზებულ დახმარებაზე, არ ღებულობდა მედიკამენტებს და არ აძლევდა საშუალებას მედპერსონალს, რომ მისთვის სათანადო გამოკვლევები ჩაეტარებინათ", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ცნობით, 1983 წელს დაბადებული გიორგი ფასიეიშვილი მიმდინარე წლის 31 ივლისს დააკავეს, ხოლო 1 აგვისტოს N8 პენიტენციურ დაწესებულებაში მოათავსეს. უწყებაში ამბობენ, რომ ის თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და შიმშილობა დაიწყო, რის შესახებაც სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობა.

სპეციალური პენიტენციური სამსახური საუბრობს პატიმრისთვის ჩატარებულ გამოკვლევებზეც. მათი თქმით, სისუსტის გამო, გიორგი ფასიეიშვილი სექტემბრიდან ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N18 სამკურნალი დაწესებულებაში, თუმცა სამედიცინო დახმარებაზე უარს აცხადებდა და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.

"24 ნოემბერს და 5 დეკემბერს ბრალდებული იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში. 5 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი ჩაერთო სუიციდის პრევენციის პროგრამაში; 8 დეკემბერს ბრალდებული კვლავ გადაიყვანეს ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრში, მაგრამ მანქანიდან არ გადმოვიდა და დაბრუნდა N18 დაწესებულებაში. 14 დეკემბერს ბრალდებული ღუდუშაურის კლინიკაში იქნა გადაყვანილი და იმავე დღეს დაბრუნდა პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. 15 დეკემბერს გიორგი ფასიეიშვილი კვლავ იქნა გადაყვანილი ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც იმყოფებოდა გარდაცვალებამდე. დაესვა დიაგნოზი - ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოიტოპენია, დაუზუსტებელი​ კოაგულოპათია​, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია. ბრალდებული გადაადგილებისას სარგებლობდა ინვალიდის ეტლით, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე. გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა", - აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

კომენტარები