სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: კვირის ბოლომდე ან ორშაბათს გაგაცნობთ ჩემი გუნდის ძირითად წევრებს

0 კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი ფოტო: ტაბულა

სალომე ზურაბიშვილი ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში დღეს პირველად მივიდა. შენობაში სარემონტო სამუშაოები ჯერ დასრულებული არ არის. პრეზიდენტმა თქვა, რომ პირველ ეტაპზე გარემოს ყურადღებას არ მიაქცევს, თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ "ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც საჭიროა". 

პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, გუშინ საღამოს ლაშა ჟვანია უკვე დანიშნა ადმინისტრაციის უფროსად, ასევე დიმიტრი გაბუნია დღეს დილით დანიშნა საპარლამენტო მდივნად. 

საზოგადოებასთან ურთიერთობაში მას ნათია პავლიაშვილი ეხმარება, თუმცა, ზურაბიშვილის თქმით, პიარის გუნდი კიდევ უფრო გაფართოვდება. როგორც მან თქვა, თავისი გუნდის ძირითად ბირთვს ის კვირის ბოლომდე ან ორშაბათს დაასახელებს. 

"ეს ყველაფერი არ არის ჯერ ისე დასრულებული, როგორც იქნება რამდენიმე კვირაში თუ თვეში, მაგრამ ჩვენ უკვე შეგვიძლია, ამ ფლიგელებში და იმდენია გასაკეთებელი, რომ ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ გარემოს პირველ ეტაპზე. თუმცა, მერე უნდა იყოს ყველაფერი იყოს ისე, როგორც საჭიროა. გუშინ დავნიშნე ლაშა ჟვანია, როგორც ადმინისტრაციის უფროსი და ამ დილით დანიშნა დიმიტრი გაბუნია, როგორც საპარლამენტო მდივანი.

ნათია პავლიაშვილი აგრძელებს პრესასთან ურთიერთობას, მაგრამ პიარის გუნდი გაძლიერდება. 

კვირის ბოლოს ან მაქსიმუმ ორშაბათს გაგაცნობთ ადმინისტრაციის მთავარ გუნდს. ამ დღეებში შევჯერდებით იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოგვიერთდებიან და იქნება მთავარი ბირთვის ადმინისტრაციის", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა გეგმებზე, რომელიც მას ჟურნალისტებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით აქვს. 

"სხვა დანარჩენზე გზადაგზა ყველაფერზე გესაუბრებით, მოგიწვევთ, აქ იქნება თქვენი სახლი და მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, მინდა, რომ off record (კამერებს მიღმა) შემეძლოს თქვენთან საუბარი იმ თემებზე, რომელიც საჭიროა, რომ თქვენ იცოდეთ, მაგრამ არ არის სავალდებულო, გახდეს საჯარო. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში ცოტა ხანს, ერქვა ჩემი პრეს-ცენტრი. ასეთი ფორმატი ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება, დღესასწაულების მერე დავიწყებთ ამ ფორმატით მუშაობას", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები