პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ბესელიამ ოპოზიციას საუბრის საშუალება არ მისცა

ეკა ბესელია
პარლამენტი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ბესელიამ ოპოზიციის წევრებს საუბრის საშუალება არ მისცა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ თავმჯდომარეს, ეკა ბესელიას მიმართა, უზრუნველყოს პარლამენტში შს მინისტრის დროულად მოსვლა. ოპოზიციას კითხვები 16 დეკემბერს ველისციხეში განვითარებულ მოვლენებსა და დავით კირკიტაძის დაკავებასთან დაკავშირებით აქვს. 

ოთარ კახიძემ ასევე თქვა, პირი, რომელიც თავს დაესხა მანქანას, რომელსაც კახეთში ქართული ოცნების დეპუტატები თამარ ხულორდავა და სოფო ქაცარავა გადაჰყავდა, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის აგენტ-პროვოკატორია

კახიძეს და ეკა ბესელიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ დაიწყო.

"გეყოფათ ახლა, საკმარისია უკვე. დაიცავით წესი და დაიცავით რეგლამენტი. საკითხებისთვის ვართ აქ შეკრებილი. ეს არ არის პროცედურა, გითხარი უკვე. გაინტერესებთ აქ რა საკითხები იხილება თუ არ გაინტერესებთ? მოდიხართ აქ დებოშის ასატეხად, ეს ხელწერა გაქვთ უკვე და გეყოფათ რა. ვერ დაასრულებ იმ საკითხებზე [ლაპარაკს], რაც არ ეხება განსახილველ საკითხებს, წესი აქვს", - უთხრა ბესელიამ კახიძეს. 

კახიძე, რომელიც საუბრობდა, ბესელიამ მიკროფონი გამოურთო. 

სხდომაზე განცხადების გაკეთება სცადა სალომე სამადაშვილმაც, რომელსაც ბესელიამ ასევე გამოურთო მიკროფონი. 

ეკა ბესელიამ ოპოზიციის წევრებს საუბრის საშუალება არ მისცა და მიზეზად ახალი რეგლამენტი მოიყვანა. 

მოგვიანებით მან სხდომა დატოვა და როგორც ჟურნალისტებთან თქვა, არა მხოლოდ სხდომა, არამედ მთლიანად იურიდიული კომიტეტი დატოვა და სულს, მუშაობა ადამიანის უფლებათა კომიტეტში გააგრძელოს. 

სხდომა დატოვა ევროპულმა საქართველომაც. 

მოგვიანებით ოთარ კახიძემ მომხდარი შეაფასა და ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის "ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე უწოდა". 

"ეკა ბესელია არის იურიდიული კომიტეტის ყველაზე სამარცხვინო თავმჯდომარე, მათ შორის, ვინც კი გვყოლია.

ვთვლი, რომ იურიდიული კომიტეტი უნდა გამოეხმაუროს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის შერჩევით დევნას პოლიტიკური ნიშნით და ამ საკითხის დასმა მინდოდა სხდომაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 120 პარლამენტარი ჰყავთ 150-დან და იურიდიულ კომიტეტშიც კვალიფიციური უმრავლესობით არიან წარმოდგენილი,

ამასთან, თავისუფლად შეუძლიათ დაყენებული საკითხი ჩააგდონ და ჩვენ ორ განცხადებაზე ათით გვიპასუხონ - მოსაზრების ჩამოყალიბების საშუალებაც კი არ მომცეს და გამითიშეს მიკროფონი.

იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკური საკითხები საპარლამენტო ფორმატში განვიხილოთ, იქ ვიდებატოთ და საზოგადოებას წარვუდგინოთ სამსჯელოდ ჩვენი მოსაზრებები, ქართული ოცნება ცდილობს ისედაც მცირერიცხოვანი ოპოზიციური წარმომადგენლობის ხმის ჩახშობას.

აღნიშნული ისედაც დაძაბულ პოლიტიკური ფონს კიდევ უფრო ამწვავებს და ზრდის რადიკალიზაციის საფრთხეს, რაც, საერთო ჯამში, ცუდია ქვეყნისთვის",- დაწერა კახიძემ ფეისბუქზე. 

კომენტარები