დავით კირკიტაძის საქმე

დავით კირკიტაძეს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ, ის შიმშილობას აგრძელებს

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს, დავით კირკიტაძეს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ. ამის შემდეგ, გურჯაანის სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს გადაწყვეტს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ "პროკურატურა გამოიჩენს კეთილგონიერებას" და პატიმრობას არ მოითხოვს.

თავად დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს და შიმშილობას აგრძელებს.

ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმისთვის დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა. 

ნაციონალური მოძრაობა და გაერთიანება "ძალა ერთობაშია" თელავში აქციის გამართვას გეგმავდა. ნებართვისთვის მათ ქალაქის მერიასაც მიმართეს. თუმცა, თელავისკენ მიმავალ ადამიანებს გზა, რომელიც გომბორის ქედზე გადის, სამართალდამცველების მიერ ჩაკეტილი - ავტობუსებით ჩახერგილი დახვდათ. მათ უთხრეს, რომ მეორე, გურჯაანი-ყვარლის გზით ესარგებლათ. "ძალა ერთობაშიას" წევრები და მხარდამჭერები ასეც მოიქცნენ, თუმცა, გურჯაანთან მისულებმა აღმოაჩინეს, რომ ეს გზაც ჩაკეტილია. ამას ოპოზიციის მხარდამჭერებს და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. 

საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ გურჯაანში მანქანებით შეფერხებულ ადამიანებს გზის ფეხით გაგრძელება შესთავაზა. გურჯაანში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. შსს-ის ცნობით, დაშავდა 7 პოლიციელი. რაც შეეხება აქციის მონაწილეებს - უწყებას მათ შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ენმ-ის ცნობით, ოპოზიციის რიგებიდან, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები