დავით კირკიტაძის საქმე

ვაშაძე: შევიკრიბოთ გურჯაანის სასამართლოსთან და გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას

ტაბულა

"გაერთიანებული ოპოზიციის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მოქალაქეებს გურჯაანის სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდებს. ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხი სწორედ გურჯაანის სასამართლოში, 10:30-ზე განიხილება.

"ჩემო თანამოქალაქენო, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხვალ დილის 9 საათზე შევიკრიბოთ გურჯაანის სასამართლოსთან, მხარი დავუჭიროთ უსამართლოდ დაკავებულ დათო კირკიტაძეს და გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, რომ არ შევეგუებით ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის არსებობას და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას.

ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილის კრიმინალურ ხელისუფლებას და სათავეში მოვა ეროვნული, კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანს" - წერს გრიგოლ ვაშაძე Facebook-ზე.

პროკურატურა ენმ-ის წევრის დავით კირკიტაძისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. დაკავებულის ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, პროკურატურის შუამდგომლობა კანონის მოთხოვნებს არ შეესაბამება.

"დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც მიმალვის საფრთხე, არც დავით კირკიტაძისგან მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე, მეტიც, დღეის მდგომარეობით პარლამენტის 30-მდე დეპუტატი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს და აცხადებს თანხმობას, რომ თავდებად ჩაუდგნენ ბატონ დავითს და უზრუნველყონ მისი სათანადო ქცევა" - ამბობს ადვოკატი.

ენმ-ის წევრი 17 დეკემბერს კახეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მუხლი 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

16 დეკემბერს კახეთში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, "ძალა ერთობაშიას" მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება. შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ კახეთში ოპოზიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაში დამნაშავე ყველა ადამიანი დაისჯება, მიუხედავად მათი პოლიტიკური სტატუსისა.

კომენტარები