ქუთაისში H1N1 ვირუსით ახალნამშობიარები ქალი გარდაიცვალა

emm-a-man.com

H1N1 ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი, ახალნამშობიარები ქალი​ გარდაიცვალა.

ინფორმაცია ტაბულას ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს და უთხრეს, რომ შემთხვევა ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გუშინ საღამოს მოხდა.

ეს ვირუსით გარდაცვალების მეორე ფაქტია. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსით გუშინ 53 წლის ქალი გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს თქმით, ორივე გარდაცვლილი მაღალი რისკის ჯგუფს განეკუთვნებოდა. 

"დაავადებულების რაოდენობა მატულობს, მაგრამ საბედნიეროდ ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზე არის და ვიმედოვნებთ რომ არც მივაღწევთ ეპიდემიურ ზღვარს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს გრიპის სიმპტომების დაწყება და ყველამ მიმართოს ამ სიმპტომების შემთხვევაში ოჯახის ექიმს. ჯერჯერობით, არის 2 ძალიან სამწუხარო შემთხვევა. ერთი აჭარაში და ერთი გუშინ მოხდა ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო და სამწუხაროდ მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა",- ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.  

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა გრიპის სეზონის დროს მეტად ყურადღებით იყვნენ.  

"ბოლო 3 თვის განმავლობაში გვაქვს გრიპის მზარდი დინამიკა ქვეყანაში.რომელიც თუ მანამდე იყო გრიპის მსგავსი ვირუსებით გამოწვეული, დღეს უკვე ფართოდ ცირკულირებს გრიპის ვირუსი და H1N1-ის შტამი, რომელიც უფრო აგრესიულობით გამოირჩევა ვიდრე შარშანდელი H3 შტამი. სამწუხაროდ, გვაქვს უკვე გარდაცვალების 2 შემთხვევა და ამიტომ მეტი ყურადღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსახლეობას რომ გრიპის სეზონის დროს მეტი ყურადღებით ვიყოთ ყოველგვარი გრიპის მსგავსი სიმპტომებისადმი"- ამბობს გამყრელიძე.

კომენტარები