უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

"კლანის წევრები ან მათთან დაახლოებულები" - ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს. 

ვინ არიან კანდიდატები

მიხეილ ჩინჩალაძე და დიმიტრი გვრიტიშვილი

მიხეილ ჩინჩალაძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის იბრძვის. 

ჩინჩალაძე სააპელაციო სასამართლოში უვადო მოსამართლედ 2017 წელს დაინიშნა. მის კანდიდატურას მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე მიზეზის გამო ეწინააღმდეგებოდნენ:

ის სხვა მოსამართლეებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ საქმეს განიხილავდა.

კლანური მმართველობა - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ "მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია და სხვები მის გარეშე გადაწყვეტილებებს არ იღებენ". 

"ჩინჩალაძე არის ყველაზე გავლენიანი პირი სასამართლო სისტემაში, როგორც ნაციონალური  მოძრაობის დროს, ასევე დღეს. 10 წლის განმავლობაში, როცა ის უზენაეს სასამართლოში მუშაობდა, საქმე არსებითად არ განუხილავს. არავინ იცის, ეს ადამიანი რას აკეთებს, არც მედიასთან ჩანს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იმით არის დაკავებული, რომ რაღაც საქმეები დაალაგოს სისტემაში არაფორმალურად, იქნება ეს მმართველი ძალა თუ სხვა. ამითი არის ცნობილი ეს ადამიანი", - ამბობს ტაბულასთან ოლიკო შერმადინი, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს იურისტი. 

მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი დიმიტრი გვრიტიშვილია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე ერთ-ერთი საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს, დაჩი ცაგურიას და ბექა ალადოშვილს 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ საია-მ ამ გადაწყვეტილების სისწორე, გარემოებების გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. 

ასევე, მან კანონიერად ცნო ჯარიმა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა [იმ დროისათვის კონტროლის პალატამ] 2012 წლის 14 მაისს 4 760 000 ლარით დააჯარიმა კომპანია "მენეჯმენტ სერვისი", რომელმაც "ქართული ოცნებისთვის" საქართველოს რეგიონებში 60-მდე ოფისი დაიქირავა და გაარემონტა. 

მისი სახელი ფიგურირებს წინა ხელისუფლების სასარგებლოდ გამოტანილ სხვა გადაწყვეტილებებშიც, რომლებიც საზოგადოებაში კითხვის ნიშნებს ბადებდა. 

ჩინჩალაძის და გვრიტიშვილის გვარები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ რვა კანდიდატთან ერთად 24 დეკემბრის სხდომაზე დაასახელა. ყველა მათგანი მოქმედი მოსამართლეა. 

საბჭო პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძეს, ნინო ქადაგიძეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, პაატა სილაგაძეს, დიმიტრი გვრიტიშვილს, მერაბ გაბინაშვილს, ნინო სანდოძეს, თამარ ალანიას, გიორგი ტყავაძეს და გიორგი მიქაუტაძეს წარუდგენს. 

"ათივე კანდიდატი ცნობილია იმით, რომ არიან კლანის წევრები, ან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ მათთან", - ამბობს ოლიკო შერმადინი. 

"ეს ადამიანები წლების წინ მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში. მხოლოდ ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვერ შეიძლება შეფასდეს, მაგრამ მათ მიმართ არსებობს არაერთი შეკითხვა საზოგადოებაში. ისინი არიან არაერთი ისეთი განაჩენის და გადაწყვეტილებების ავტორები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეებისთვის და დემოკრატიის თვალსაზრისით იყო ზიანის მომტანი. თუ საქართველოში წლების წინ ცუდი მართლმსაჯულება იყო, ეს ამ ადამიანების დამსახურებაა. რატომ უნდა დავნიშნოთ ეს ადამიანები უზენაეს სასამართლოში, დაიმსახურეს? მათი რეპუტაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
ფოტო: რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფორმასთან დაკავშირებითაც, რომლითაც მოსამართლეობის კანდიდატები დასახელდნენ. 

მათი თქმით, საბჭოს მოსამართლე წევრები 23 დეკემბრის ღამით შეიკრიბნენ და გადაწყვეტილება მხოლოდ მათ მიიღეს. მათ არ გაითვალისწინეს ნაზი ჯანეზაშვილის წინადადება რეგლამენტში ცვლილების შეტანისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საზოგადოების ჩართულობით მსჯელობის შესახებ. 

"ფაქტია, რომ საბჭო ცდილობს, რაც შეიძლება მალე, ფორსირებულად შეერჩია ეს კანდიდატები. სადღაც მიიღეს გადაწყვეტილება, მოვიდნენ და გამოგვიცხადეს და თქვეს, პასუხისმგებლობას ჩვენ თავზე ვიღებთო. არ მაინტერესებს, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას, შედეგობრივად არაფერი იცვლება", - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი. 

კითხვები არსებობს იმასთან დაკავშირებითაც, თუ რატომ არის ყველა კანდიდატი მოქმედი მოსამართლე და მოსამართლედ გახდომის საშუალება რატომ არ ეძლევათ სხვა გამოცდილ იურისტებს. 

მოსამართლე გვრიტიშვილის პასუხი

დიმიტრი გვრიტიშვილი

გამოთქმულ კრიტიკას და უკმაყოფილებას დიმიტრი გვრიტიშვილი ვრცელი ფეისბუქ-სტატუსით გამოეხმაურა. 

მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სასამართლოებში ცოტა მოსამართლეა, მათ ბევრი საქმე აწერიათ და განხილვის და გადაწყვეტილების გამოტანის ვადები ხშირად ირღვევა, რამაც, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს პრობლემები შეუქმნას. 

გვრიტიშვილი წერს, რომ ამ პრობლემის გადაჭრის პასუხისმგებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაეკისრა და მათ ეს გამოწვევა მიიღეს. 

"მსოფლიოს ყველა თანამედროვე ქვეყნის პრაქტიკაა, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესება მოხდეს კარიერული დაწინაურების პრინციპით: კანდიდატს უნდა ჰქონდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმიანობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება!

ჩვენ დავიცავით ეს პრინციპი და შევარჩიეთ მხოლოდ მოქმედი, გამოცდილი და საბჭოსათვის საუკეთესოდ ცნობილი მოსამართლეები, რომლებიც საქმიანობენ სააპელაციო სასამართლოებში, მათი ნაწილი უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეცაა, უმაღლესი ინსტანციის სასამართლოში საქმიანობის 10-წლიანი გამოცდილებით!

ჩვენ კანონი არ გვავალდებულებდა ვინმესთან წინასწარი კონსულტაციების გამართვას! საინტერესოა, არასამთავრობო სექტორს რატომ არ უჩნდებოდა კითხვა ყოფილი პრეზიდენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევასთან დაკავშირებით, როდესაც მოულოდნელად ეწყობოდა ბრიფინგები და საზოგადოებას და პარლამენტს წარედგინებოდა კანდიდატები, რომელთაც სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება შეიძლება არც ჰქონოდათ!

ასე "შეირჩა" უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატად ანა დოლიძეც! რატომღაც მაშინ არც მას და არც არასამთავრობო სექტორს გასჩენია პროტესტის და უხერხულობის გრძნობა! და როცა ეს კანდიდატი პარლამენტმა სწორად უარყო, პრეზიდენტყოფილმა ახლა უკვე საბჭოს წევრად მოგვივლინა, ისევ და ისევ ყოველგვარი პროცედურის გაუვლელად!

თუ ერთ არაიურისტ ადამიანს შეეძლო "ღირსეული“ კანდიდატების შერჩევა, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ, საბჭოს წევრებს, კოლეგიურ ორგანოს, რომელიც შედგება მოქმედი მოსამართლეებისგან და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პრაქტიკოსი იურისტებისაგან?

ისიც ხომ ცნობილია, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ვენეციის კომისიამ მოიწონა! რატომ ცდილობენ არასამთავრობო სექტორი და მათი რუპორი საბჭოს წევრები - შექმნან რაღაც გაურკვეველი საკონსულტაციო საბჭო ასევე გაურკვეველი "ექსპერტებით", რომელთა დასკვნებიც საბჭოსთვის ავტორიტეტული და გასათვალისწინებელი უნდა გახდეს?!

ყველა ამ გარემოების და შეფასების გათვალისწინებით, მივიჩნევთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას, არის დროული და გარდაუვალი აუცილებლობით გამოწვეული, მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელების ინტერესით განპირობებული!

იმედი გვაქვს, რომ საქართველოს პარლამენტი მხარს დაგვიჭერს, ამ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად!", - წერს გვრიტიშვილი. 

ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, პრეზიდენტი არის პოლიტიკური პირი, ამიტომ მის მიერ და 14-კაციანი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი ერთმანეთთან არ უნდა შედარდეს. 

საკონსტიტუციო ცვლილებები და პროცედურები


ფოტო: უზენაესი სასამართლო

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო არის ორგანო, რომელიც მთლიანად აკონტროლებს სასამართლო სისტემას - ატარებს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდებს, შედეგების მიუხედავად არჩევს მოსამართლეობის კანდიდატებს, რომლებიც ისწავლიან იუსტიციის სკოლაში, ნიშნავს მოსამართლეებს, ნიშნავს ან დაითხოვს სასამართლოს თავმჯდომარეებს, ასევე, ეხება მოსამართლის დათხოვნა, ან დაწინაურება და წახალისება, ასევე, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო 14 წევრისგან შედგება, მათგან 8 - მოსამართლეა, 5 - პარლამენტის მიერ დანიშნული, 1 კი - პრეზიდენტის კვოტით. 

როდის განიხილავს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის წარდგენილ კანდიდატურებს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კომენტარები