კორუფცია

სუს-მა ყოფილი გუბერნატორი კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებისთვის პასუხისგებაში მისცა

Guardian.ge

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ 
სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ლევან შონია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. მას ბრალად კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება ედება.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის მაისში, სამეგრელო-ზემო სვანეთის 
იმჟამინდელი გუბერნატორის ლევან შონიას თხოვნით, მის მიერ მითითებული 
პიროვნების - გ.ა-ს სახელზე, მისთვის გადასაცემად მოქალაქე ზ.კ-მ 10 000 
აშშ დოლარი ჩარიცხა, რაც ლევან შონიას გადაეცა. აღნიშნული ფაქტი  დადასტურებულია საქმეში არსებული რიგი მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, საბანკო ამონაწერის დათვალიერებით, ზ.კ-ს ტელეფონიდან  გამოთხოვილი ინფორმაციით, საჯარო სამსახურის ბიუროს და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წერილებით" - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით).

ლევან შონია რამდენიმე სხვა გუბერნატორთან ერთად, საქართველოს პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან რამდენიმე თვის წინ გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, გუბერნატორებს შორის საწვავის ყველაზე დიდი ლიმიტით (ერთ თვეზე საშუალოდ 1 500 ლიტრი) სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია სარგებლობდა. მან 2017 წლის განმავლობაში 14 356 ლიტრი საწვავი გახარჯა, რაც 3 434 ლიტრით ნაკლებია 2016 წლის მაჩვენებელთან (17 790 ლიტრი) შედარებით.

კომენტარები