უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

ეპისკოპოსები, რომლებმაც საჯაროდ დაუჭირეს მხარი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას

27 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს. გთავაზობთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 46 მღვდელმთავრიდან იმ რამდენიმე მღვდელმთავრის პირად მოსაზრებას, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას (განცხადებები გაკეთებულია სხვადასხვა დროს, უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე).

იაკობი - ბოდბელი ეპისკოპოსი, პატრიარქის ქორეპისკოპოსი



უკრაინა დიდი ქვეყანაა. თავისთავად ცხადია, რომ ერს აქვს სრული უფლება, მოითხოვოს ავტოკეფალია. ეს პირადად ჩემი აზრია. საქართველოს ხომ უნდა ჰქონოდა ავტოკეფალია? უკრაინამ რა დააშავა?... ცოტა ხანი დავაცადოთ და რუსეთის საპატრიარქო და მსოფლიო საპატრიარქო თავად გადაწყვეტენ ერთმანეთში ამ ამბებს. ეს შეიძლება იყოს, ხომ იცით, დომინოს პრინციპით სხვებსაც გადაედოს. ეს რუსეთზე საკმაოდ დიდი დარტყმაა. რუსეთი არის იმპერია. როცა იმპერიის საზღვრები იზრდება, რუსი ადამიანი ისეა მოწყობილი, შიმშილსაც მოითმენს და უმ კარტოფილსაც შეჭამს, მაგრამ თუ დაინახეს, რომ თუნდაც ეკლესიაში პრობლემა იქმნება, არამხოლოდ ეკლესიაში შეიქმნება ეს პრობლემა, არამედ სახელმწიფოშიც

დაზუსტება - ქროეპისკოპოსმა იაკობმა 27 იანვარს, ნინოობას განაცხადა, რომ უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას პოლიტიკური მოტივებით არ ემხრბა: 

ჩვენ რელიგიურ ომში არ უნდა ჩავერთოთ... ჩვენ გვაქვს აფხაზეთი და პირდაპირ გეუბნებით, ვთქვათ ვცანით და რუსეთმა მიიერთა აფხაზეთი, დააწერინა, ჯარებიც ჰყავს, დააწერინა და მიიერთა, მერე ჩვენთან ვინც არიან, რას იტყვიან, ვინც ემხრობა იმას, მაინც წაგვართმევდაო? კარგიაო? მარტო უკრაინაზე ხომ არ უნდა ვიფიქროთ.

მე, პირველ რიგში, ჩემს სახელმწიფოზე ვიქრობ, ჩემს ქვეყანაზე ვფიქრობ და უცხოეთშიც რომ დავდივარ, საქართველოსთვის დავდივარ ხოლმე, არა მარტო უნივერსიტეტისთვის [საპატრიარქოს უნივერსიტეტისთვის]

 

ზენონი - დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი

რატომ უნდა იყოს კიევის ეკლესიის ავტოკეფალურობა ტრაგედიის მიზეზი კეთილსინდისიერი და სამართლიანობისკენ მოწოდებული ღვთისმსახურისთვის, ეკლესიის ადმინისტრაციისთვის, მორწმუნე ერისთვის. ქვეყანას სურს, რომ თავისი თავის ბატონ-პატრონი იყოს, სხვისას არ იტაცებს და სურს, რომ თავისი ქვეყნის მაკურთხეველი პირველიერარქი, თვთმყოფადი ეკლესიიდან ჰყავდეს. რომელი "მჭევრმეტყველება" აღემატება ამ საღმრთო უფლებასა და პატივს. სამარცხვინო საუბრები: დამცირება, ქილიკი, დეზინფორმაცია, დემაგოგია, სიძულვილი, ცილისწამება, ყოველდღიურად მოედინება მასმედიიდან, იერარქიიდან თუ რიგითიდან. შთაბეჭდილება იქმნება, თითქმის აღარაფერია მათთვის წმიდა. ცხადია, რომ ბოროტების იმპერიის ნაშთი არსებობს ჩვენს მეზობლად. "შოვინისტური, იმპერიალისტური რუსული ინტერესის" გარდა, მათთვის არავინ და არაფერი არსებობს

პეტრე - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი

ჩემი პირადი აზრით კი, უკრაინას, ორმოცმილიონიან ქვეყანას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში და მას ეკლესიურად არ უნდა ექვემდებარებოდეს, მაგრამ პროცესულურად ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დროში გაიწელება
 

ვახტანგი - ცურტაველი მიტროპოლიტი (ტიტულარული)

პირადად ჩემი პოზიცია არის, რომ ეს არის დიდი სახელმწიფო, უკრაინა არის 50 მილიონი მოსახლეობით და თუ ეს მათი კეთილი ნებაა, მე ვფიქრობ, რომ დამოუკიდებლობის ღირსები არიან. ვიმსჯელებთ, ახლა წინასწარ როგორ გითხრათ, რომ ან დადებითი წარმოჩინება მივცეთ ამ ამ საქმეს ან უარყოფითი

დოსითეოზი - ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი

მართლმადიდებლობაში და საკუთრივ უკრაინაში ურთულესი პროცესები მიმდინარეობს. ერს სურს მართლმადიდებლური თვითიდენტობა დაიმკვიდროს. ძნელია უკრაინელებისთვის, ჩვენთვისაც ქართველებისთვის, როცა ერთი ხელით კალაშნიკოვის ჯერით გხოცავდეს ვიმე, დამპყრობლად გევლინებოდეს და მეორე ხელით მშვიდობისა და სიყვარულის ქრისტეს ჯვარს გიწოდებდეს. უფრო რთული ის არის, ამბიონზე საზეიმოდ ამაღლებულს უსმინო როგორ უყვარხარ და მისი ღვთისმოსაობის იწამო. არც ის არის იოლად გადასატანი წმიდა რელიქვიების საბურველს ქვეშ რომ სურს ავაზაკობის მიჩქმალვა. როგორ შიძლება ვინმემ მხარი დაუჭიროს მსგავს პროცესს ?! ღმერთმა გვიშველოს.

გრიგოლი - ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი



საეკლესიო სამართლის პრინციპის თანახმად, დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლება აქვს ჰქონდეს დამოუკიდებელი ანუ ავტოკეფალური ეკლესია. ეს უფლება ეხება უკრაინასაც. უკრაინელი ხალხის სურვილი, რომ ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია, სავსებით ლეგიტიმურად მიგვაჩნია, მით უფრო, რომ მას აქვს საკუთარი სუვერენული სახელმწიფო (კონკრეტულ პოლიტიკურ საზღვრებში მოქცეული), სადაც ცხოვრობს მილიონობით მართლმადიდებელ ქრისტიანი. ავტოკეფალიის აღდგენის საკითხში ჩვენი ეკლესიისა და ჩვენთა წინაპართა გამოცდილება, გვეხმარება, რომ უკეთ გავიგოთ სხვათა ტკივილი და უკეთ გავაცნობიეროთ, თუ რა სირთულეებისა და რისკების წინაშე დგას უკრაინის საზოგადოება. ისტორიას კარგად ახსოვს 100 წლის წინანდელი ის არგუმენტები, რითაც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი ეწინააღმდეგებოდა ქართველთაგან ავტოკეფალიის აღდგენის მოთხოვნას. ვერავითარი არგუმენტი ვერ გადაწონის უკრაინელი ხალხის სურვილს - ჰქონდეს ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია. აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ევროპის ერთ-ერთ დიდ სახელმწიფოზე, რომლის მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ისტორიისადმი პატივისცემა გვავალებს, რომ გულისყურით და დიდი სიფრთხილით მივუდგეთ ამ საკითხს, რათა უნებლიეთ არ დავაზიანოთ უკრაინელი ხალხის ეროვნული და სულიერი ინტერესები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ პატივს მივაგებთ ერთმორწმუნე უკრაინელი ხალხის სურვილს, ჰქონდეს ადგილობრივი ეკლესია და იმედს გამოთქვამთ, რომ უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემატება მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიქში გააძლიერებს მართლმადიდებლობის ხმას თანამედროვე სამყაროში. რაც შეეხება კონსტანტინოპოლისა და რუსეთის საპატრიარქოთა შორის გაჩენილ უთანხმოებას, გვჯერა, რომ ეკლესიათა შორისი ურთიერთობების პრაქტიკაში დაგროვილი გამოცდილება, უწმიდეს საყდრებს შეაძლებინებს არსებული კრიზისის დაძლევას, რაც კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მართლმადიდებელთა სულიწმიდისმიერ ერთობას

საბა - ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი

ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო! შეუძლებელია არ ხარობდეს შენი გული მილიონობით ადამიანთან ერთად, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან 6 იანვრის დადგომას, როდესაც საზეიმო ვითარებაში მსოფლიო პატრიარქი-ბართლომეოსი, ახლად არჩეულ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს, გადასცემს "ტომოსს" ავტოკეფალიის აღიარებას. გარკვეული მიზეზების გამო, ვერ ვესწრები 27 დეკემბერს დაგეგმილ წმ. სინოდის კრებას. ამიტომ, ვაცხადებ საჯაროდ: ჩემი ხმა ეკუთვნის უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარებას და მათი დიდ სიხარულის თანამონაწილობას

მელქისედეკი - მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

ქრისტოპოლის ეპისკოპოსი, მაკარიოსი, დამატებით განმარტავს, რომ დოკუმენტში (და არა ავტოკეფალიის მინიჭების ტომოსში, რაც არასოდეს მიუცია კონსტანტინოპოლს რუსეთისათვის), რომელიც ფანარმა (ასე უწოდებენ სხვაგვარად კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, რადგან სტამბოლის იმ რაიონს, სადაც საპატრიარქო მდებარეობს ფანარი ჰქვია) მისცა მოსკოვის მიტროპოლიტს 1686 წელს, წერია, რომ მოსკოვის მიტროპოლიტს კონსტანტინოპოლი იკონომიით აძლევს უფლებას ხელი დაასხას კიევის მიტროპოლიტს, მაგრამ მოხსენიებით საღვთო ევქარისტიისას ისინი პირველად მოიხსენიებენ კონსტანტინოპოლელ პატრიარქს. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს მოსკოვის უფლებებს კიევის სამიტროპოლიტოში, რაც ყოველთვის ფანარის იურისდიქცია იყო ამ დოკუმენტით. ამ დოკუმენტის მიხედვით, როგორც კიევში, ისე მოსკოვში პირველად იხსენიებდნენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს, რადგან იქ ფანარის იურისდიქცია ვრცელდებოდა (ეს ძალიან ნათლად წერია დოკუმენტში). კანონიკური სამართლის პრინციპით, იქ, სადაც პირველს იხსენიებენ კონსტანტინოპოლის პატრიარქს ვრცელდება კონსტანტინოპოლის იურისდიქცია; იქ, სადაც პირველს იხსენიებენ რუმინეთის პატრიარქს ვრცელდება რუმინეთის ეკლესიის იურისდიქცია; იქ, სადაც პირველს იხსენიებენ საქართველოს პატრიარქს ვრცელდება საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია და ა. შ. ამიტომაც, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ფანარი შეიჭრა სხვა ეკლესიის იურისდიქციაში. ანტიკანონიკური, რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ შეწყვეტილია კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება კიევში. სხვა რამ დოკუმენტი, რომელიც საპირისპიროს დაადასტურებდა არ არსებობს. ამდენად, კონსტანტინოპოლის მოქმედებები უკრაინის ეკლესიაში არ არღვევს რაიმე კანონიკურ წყობას, რომელიც საუკუნეებია მოქმედებს ეკლესიაში

იოსები - შემოქმედელი მიტროპოლიტი

მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია ავტოკეფალური ეკლესია გახდეს, რამეთუ იგი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. აგრეთვე მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერბს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს.

კომენტარები