თორნიკე ოქრიაშვილის ინტერვიუ

"მოგიყვეთ, როგორ ვიჩხუბე ბელგიაში?", - თორნიკე ოქრიაშვილის ინტერვიუ მალდივებიდან

0 კომენტარი

კრასნოდარში გატარებული 2 წლის შემდეგ, კლუბის ხელმძღვანელობამ და თორნიკე ოქრიაშვილმა კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს. ქართველს ჯვარედინი მყესების უმძიმესი ტრავმა 2-ჯერ ჰქონდა, რის გამოც მან რუსული კლუბის მაისურით მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა. ამ ხნის განმავლობაში, ოქრიაშვილმა კრასნოდარის გულშემატკივრებს თავი ზენიტისა და სევილიას კარში გატანილი „მაკრატელებით“ დაამახსოვრა.

ქართველ ლეგიონერთან Sports.ru-მ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც ჩვენთვის საინტერესო ამონარიდებს წარმოგიდგენთ.

- ახლა მალდივებზე ისვენებთ. როგორ მიდის საქმეები?

- დილის 9 საათზე გამეღვიძა და მაშინვე აუზში ჩავხტი. აქ წარმოუდგენელი სიცხეა. კონდიციონერს ღამე ვარ ვრთავთ, რადგან ოთახში 3 და 6 წლის ბავშვები არიან. სიმართლე გითხრათ, მალდივებზე საქმე არაფერი გვაქვს. მხოლოდ ვთამაშობთ, ვერთობით, ვირუჯებით და ვჭამთ. ერთ საათში, ადგილობრივ ვეტერან ფეხბურთელებთან მატჩი გვაქვს.

- რატომ მაინცა და მაინც მალდივები? მანდ ხომ მოწყენილობაა...

- აქ პირველად ვარ და ოჯახთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს. ჩვენთან ერთად როსტოვისა და ცსკა-ს რამდენიმე ფეხბურთელიცაა. ისეთი სილამაზე, როგორიც მალდივებზეა, არსად მინახავს. საერთოდ, ბარსელონას მსგავს დიდ ქალაქებში დასვენება მიყვარს. მალდივებზე 4 დღეღა დამრჩა და საქართველოში დაბრუნება მეჩქარება.

- ხაჭაპური მოგენატრათ?

- არა, მე ხინკალი მიყვარს. დედაჩემს მის მომზადებაზე არ ვაწვალებ და აეროპორტიდანვე ახლობლების რესტორანში წავალ. არც მოსკოვში და არც არსად ისეთი ხინკალი არაა, როგორიც იქ. თუ გვესტუმრებით, აუცილებლად დაგპატიჟებთ. სხვათა შორის, საქართველოდან ზედმეტი კილოგრამებით არასდროს ვბრუნდები. ცხიმი მხოლოდ 6% მაქვს და 76 კილოგრამს ვიწონი. ჩემი ყველა ქართველ ფეხბურთელს შურს.  განსაკუთრებით, გიორგი ჭანტურიას ურალიდან.

- კრასნოდარი დატოვეთ და თავისუფალი აგენტი გახდით. რას იზამთ, როცა შვებულება დაგისრულდებათ?

- უცნაური შეგრძნება მაქვს, რადგან უკლუბოდ პირველად დავრჩი. იმედია, შვებულების მიწურულს ყველაფერი გარკვეული იქნება და შობის შემდეგ ახალ გუნდს შეკრებაზე გავყვები. საქართველოში როცა ჩავალ, ნაკრების წევრებთან ერთად მინი-ფეხბურთს ყოველ დღე ვითამაშებ.

- მინი? პარკეტზე „მაკრატელის“ შესრულება მტკივნეული იქნება...

- არა, არა. არც ასეთი ფანტაზიორი ვარ! ხედავთ, თქვენც როგორი ასოციაცია გიჩნდებათ? ამიტომაც მინდა, რუსეთში დავრჩე და დავამტკიცო, რომ მხოლოდ „მაკრატელა“ არ შემიძლია. ბევრი ტრავმა მქონდა და შესაძლებლობები ვერ წარმოვაჩინე. ვიცი, რომ მეტიც შემიძლია.

- ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, ეტლში გადაღებული ფოტო გაქვთ... იქ ჯდომა ფსიქოლოგიურად რთულია?

- რაღაც მხრივ, სასიამოვნოა, როცა სხვა გატარებს, მაგრამ ჯანმრთელი მყესები უკეთესია. როცა ანალოგიური ტრავმა მეორედ მივიღე, მთელმა გუნდმა და პერსონალმა მხარი დამიჭირა. როცა სახლში მივედი, ტელეფონზე ზარები და სმს-ები არ წყდებოდა. არ დაიჯერებთ, მაგრამ ბაზის დამლაგებელმა ქალმაც კი დამირეკა.

- კრასნოდარში ყველაზე ახლოს ვისთან მეგობრობდით?

- ჟიგულოვი ჩემი ძმაა. ასევე, გაზინსკი, სმოლოვი, მამაევი, სინიცინი, კრიციუკი და ყველა - მთელი გუნდი.

- გენკში თამაშისას, გქონდათ პერიოდი, როცა სახლშიც კი ვერ გპოულობდნენ...

- დიახ, ამ ისტორიის ძალიან მრცხვენია. მოდით, ამ ამბავს ნუღარ გავიხსენებთ. დიდი ხანია, გავიზარდე და ეს ისტორიაც დავიწყებას მიეცა.

- სხვა ახალგაზრდებს რას ურჩევდით იმისთვის, რომ თქვენი შეცდომები არ გაიმეორონ?

- უნდა ესმოდეთ, რომ მთავარი მონდომებაა და არა გართობა. საუკეთესო რჩევას მივცემ: როცა ვარჯიშს დაასრულებენ, მინდორზე დარჩნენ და კიდევ იშრომონ იქამდე, სანამ აღარაფრის თავი ექნებათ. ადრე, მეგონა, რომ საათნახევრიანი ვარჯიში საკმარისი იყო და ყველაფერი ვიცოდი. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა იყო. 5 წლით უკან რომ დავბრუნდე, ბევრ რამეს შევცვლიდი. საბედნიეროდ, ჯერ ყველაფერი არ დამიკარგავს. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ყველაფერი წინაა. თუ მაინცა და მაინც სკანდალური ისტორიის მოსმენა გინდათ, მოგიყვებით, როგორ ვიჩხუბე ბელგიაში.

- კაბო-ვერდელ ფეხბურთელს გულისხმობთ?

- დიას. გუნდში სულ 2 კვირის მისული ვიყავი, როცა თამაშის შემდეგ გასართობად წავედით. როცა ვბრუნდებოდით, მთვრალმა კაბო-ვერდელმა ანელე ნკგონგამ ჩემი ლანძღვა-გინება დაიწყო. მათი საუბრის 70% არ მესმოდა, მაგრამ Fuck you ნამდვილად გავიგე. მივუბრუნდი და ინგლისურად ვუთხარი: „მოდი, ასე ნუ ისაუბრებ. ერთმანეთს ორი კვირაა ვიცნობთ. თუ შენთვის ასეთი საუბარი მისაღებია, ჩემთვის მიუღებელია“. გზა გავაგრძელეთ და ცოტა ხანში იგივეს კეთება დაიწყო, რის გამოც მიიღო კიდეც. მეგონა, ამ ამბავს ვერავინ გაიგებდა, მაგრა როცა მეორე დილას ბაზაზე მივედი, ყველამ ყველაფერი იცოდა. ინფორმაცია მისგან გავიდა. კლუბმა ორივე 10-10 ათასი ევროთი დაგვაჯარიმა.

- მას პირდაპირ ყბაში უთავაზეთ?

- დიახ. რუსეთსა და საქართველოში ისიც დაწერეს, თითქოს მას რასისტული სიტყვებით ვლანძღავდი. ასეთი რამ შეუძლებელია. აფრიკაშიც და მთელ მსოფლიოშიც უამრავი მეგობარი მყავს. რასისტი არ ვარ. ამ ისტორიაში ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ჩხუბიდან რამდენიმე დღეში, გენკისა და გენტის მატჩში, ანგარიში 2:2 იყო, როცა ნკგონგამ საგოლე პასი მომცა და ჩემი გოლით ის მატჩი მოვიგეთ. ერთმანეთს ჩავეხუტეთ და შევრიგდით. მასთან დღემდე მაქვს ურთიერთობა.

- ამბობენ, რომ მართავდით „მერსედესს“, საიდანაც ბენზინი იღვრებოდა...

- ეს ისტორია მართლა პირველად მესმის. მანქანასთან დაკავშირებით, მხოლოდ ერთი შემთხვევა მახსოვს: 180 კმ/სთ სიჩქარით მივდიოდი იქ, სადაც 50 კმ/სთ იყო დაშვებული. კარგი გზა იყო და ამკრძალავი ნიშანი ვერსად დავინახე. სასამართლოზე ჩემთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევა სურდათ, მაგრამ ბოდიში მოვიხადე და ვუთხარი, რომ ნიშანი შემჩნეული არ მქონდა. საბოლოოდ, რახან პირველი შემთხვევა იყო, მაპატიეს.

- რას ნიშნავს თქვენს მკერდზე დახატული ბუ?

- უბრალოდ, ეს ფრინველი მომწონს. გევედრებით, ახსნა არ მთხოვოთ.

- რომელი გოლის დროს იყო ყველაზე დიდი ემოცია, ზენიტთან თუ სევილიასთან?

- სევილიასთან გოლის შემდეგ თითქმის აღარაფერი მახსოვს. ორი მძიმე ტრავმის შემდეგ დავბრუნდი და თუ დამიჯერებთ, გოლის შემდეგ დაახლოებით 15 წამი ჩემი მეხსიერებიდან გამქრალია. გოლის აღნიშვნაც კი მხოლოდ ვიდეოჩანაწერში ვნახე. ზენიტთანაც დიდი ემოცია იყო, მაგრამ ყველაფერი დამამახსოვრდა. გოლამდე უფრო საინტერესო იყო: მინდორზე გასატარებლად 15 წუთი მომცეს და ყოველ წამს ტაბლოს ვუყურებდი, რათა მცოდნოდა, რა დრო მქონდა დარჩენილი. ტაბლოს დარტყმამდეც გავხედე და დავინახე, რომ 94-ე წუთი მიდიოდა. გავრისკე და დავარტყი. კარგია, რომ გამიმართლა. მომენტი რომ გამეცუდებინა, ყველა გამიწყრებოდა.

- პოკერში და სათამაშო ავტომატებშიც ასე გიმართლებთ?

- იყო დრო, მიმართლებდა, ოღონდ თანხები არ მკითხოთ. ქართლ კაზინოებში, 10 და 17 ციფრებზე ორჯერ დიდი თანხა მოვიგე. ცხადია, ვაგებდი კიდეც. საერთო ჯამში, აზარტული თამაშების დიდი მოყვარული არ ვარ.

- როგორც “მაკრატელების“ ექსპერტს, გკითხავთ, რონალდუს გოლი ჯობდა იუვენტუსთან თუ ბეილის ლივერპულთან?

- ვფიქრობ, ბეილის უკეთესი იყო, რადგან რონალდუს მოსამზადებლად დრო ჰქონდა. ბეილის ადგილზე, დარტყმა უფრო რთული იყო. მან არარეალური დარტყმა შეასრულა. მის გოლს 5 ცდიდანაც ვერ გავიმეორებ, რონალდუს ანალოგიურს კი, ნამდვილად გავიტან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები