ქართული ოცნება

ბესელია: არ მინდა, სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი

ტაბულა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირის გია აბაშიძის გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. ბესელია, რომელიც ლონდონში იმყოფება, Facebook-ზე წერს, რომ ის მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ გააფრთხილეს. ცნობისთვის, გია აბაშიძემ ეკა ბესელია ქრთამის აღებაში დაადანაშაულა - მისი თქმით, "ეკა ბესელიამ ზაზა ოქუაშვილისგან აიღო ქრთამი "ომეგას" მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად, თუმცა, რაკი დავა ვერ მოგვარდა, ბესელიას მოუწია ქრთამის ნაწილის დაბრუნება, ზაზა ოქუაშვილმა კი, ამის ჩანაწერი მოამზადა". აბაშიძის ინფორმაციით, "ბიძინა ივანიშვილი იწვევს უმრავლესობის სხდომას, სადაც "ნაღმზე აფეთქდება" ეკა ბესელია და გაირიცხება პარტიიდან/უმრავლესობიდან".

ეკა ბესელია ამბობს, რომ "ამას ბოდვაც აღარ ჰქვია".

"არ მინდა ვიფიქრო, რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს (ასეთად არ ვიცნობდი). ორი დღის წინ გამაფრთხილეს, შანტაჟისთვის ამზადებენ რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო. იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი, რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს, ვერაფრით მივხვდი... არც ვიცნობ პირადად... ვერც შინაარსში შევდივარ, იმდენად დიდი სისულელეა... მოკლედ, ახლა არ ვარ საქართველოში, 6-ში ვბრუნდები და ყველას, ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული, პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი, რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოჰყვეს. არ მინდა, სახე დაკარგოს მან, ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს.. მეღიმება მაინც. ეს რამ მოაფიქრათ" - წერს ბესელია.

ამ წუთებში ქართული ოცნების ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე დეპუტატებმა თქვეს, რომ ისინი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

ასევე, სავარაუდოდ, განიხილავენ ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ "არაგუნდურობასთან" დაკავშირებულ განცხადებებს. ქართული ოცნების დეპუტატის მარიამ ჯაშის თქმით, "ქალბატონი ეკას გადაწყვეტილების გარშემო ალბათ, იქნება საუბარი, მაგრამ გარიცხვის თაობაზე არ ყოფილა არანაირი ინფორმაცია".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ამის მიზეზად კი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა. ბესელიას გადაწყვეტილებას კრიტიკული განცხადებები მოჰყვა მისი რამდენიმე კოლეგის მხრიდან.

კომენტარები