ქართული ოცნება

რატომ გაიწვიეს გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების ოფისში მიმდინარე სხდომა დასრულდა. დეპუტატების გადაწყვეტილებით, უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. შესაბამისად, მან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უნდა დატოვოს.

ქართული ოცნების წევრის ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ამის ორი მიზეზი დაასახელა.

"ერთი იყო პროცედურული დარღვევები, ხოლო მეორე ის, რომ კანდიდატურა შეუთანხმებელი იყო. ამ შემთხვევაში, საუბარი არის არა განცხადებაზე, არამედ, ქმედებაზე, როდესაც პოლიტიკური თანამდებობაზე წარადგენ ამა თუ იმ კანდიდატურას. ეს ორი მიზეზი დასახელდა" - ამბობს ქუცნაშვილი, რომლის ინფორმაციითაც, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დანიშვნა არ იყო გუნდთან შეთანხმებული, ასევე, რეგლამენტი დაირღვა.

"ეს იყო ყველაზე რბილი პასუხი" - ამბობს მდინარაძე და აღნიშნავს - "ვუფრთხილდებით გუნდის თითოეულ წევრს".

ფრაქციის თავმჯდომარის თქმითვე, "ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ის პოზიცია, რაც არის სწორი, რაც გამოიხატა შემდეგ ფრაქციის გადაწყვეტილებაშიც, პოზიცია, რომელიც ემთხვეოდა ფრაქციის წევრთა პრაქტიკულად აბსოლუტურ უმრავლესობას".

ცნობისთვის, ერთი კვირის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაასახელა. მან თანამდებობის დატოვებამდე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აირჩიეს.

კომენტარები