ეკა ბესელია

კობახიძე: ბესელიას კომიტეტიდან წასვლა და ვიცე-სპიკერად დანიშვნა აგვისტოში იგეგმებოდა

ირაკლი კობახიძის თქმით, ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან წასვლა და მისი პარლამენტის ვიცე-სპიკერად დანიშვნა ჯერ კიდევ აგვისტოში იგეგმებოდა. 

მისივე განცხადებით, არც მაშინ და არც ახლა ბესელიას თანამდებობიდან გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდება. 

კობახიძემ ასევე თქვა, რომ აგვისტოშივე მან გასცა ბრძანება, პარლამენტის შენობის ვიცე-სპიკერების ფლიგელში ბესელიასთვის კაბინეტი მოწყობილიყო. კაბინეტის გადაღების საშუალება დღეს ჟურნალისტებსაც მიეცათ. 

"ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და ვთქვით, რომ მაშინ მიღებულ გადაწყვეტილებებს უკავშირდებოდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები. არანაირ კავშირში არც ახლა, არც მაშინ არ იყო თანამდებობრივი გადაადგილება სასამართლოს თემასთან. იყო სულ სხვა სირთულეები, გახსოვთ, რა სირთულეებიც იყო გუნდში", - თქვა კობახიძემ. 

დაახლოებით 2 კვირის წინ ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა თავმჯდომარის პოსტი დატოვა და ამის მიზეზად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი დაასახელა. მან თანამდებობის დატოვებამდე თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე წარადგინა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აირჩიეს კიდეც, თუმცა, მალევე ფრაქციამ ფოფხაძემ თანამდებობიდან გაიწვია და თქვა, რომ ის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ რეგლამენტის დარღვევით დაინიშნა. ირაკლი კობახიძემ გედი ფოფხაძეს გუნდურობაც დაუწუნა. 

კომენტარები