უზენაესი სასამართლო

NGO-ები პარლამენტს: დაუყოვნებლივ დაიწყეთ მუშაობა მოსამართლეთა შერჩევის წესზე

supremecourt.ge

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე. კოალიცია "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" აცხადებს, რომ ცვლილებებმა უნდა განსაზღვროს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამისი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესი.

"აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ცვლილებების მიღებამდე უარი თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე, ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ  კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება განახორციელოს.

მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით,  მისი მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები. აუცილებელია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უზრუნველყოფილ იქნას ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც არა მხოლოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ, არამედ მაღალი რეპუტაციაც პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არ არსებობს საზოგადოების ნდობა და რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი მიუკერძოებელი დამოკიდებულებით, ვერ უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას და სასამართლო ხელისუფლება ათწლეულები დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნდობის მქონე ინსტიტუტად, რაც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესს შეაფერხებს" - ნათქვამია არასამთავერობო ორგანიზაციების განცხადებაში.

NGO-ების შეფასებით, "აუცილებელია, მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ გააცნობიეროს  მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა. რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და ის სავალალო შედეგები, რომელსაც მოსამართლეობის ნომინირებული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა გამოიწვევს".

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა. 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციანი სია წარადგინა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ოპოზიციის უკმაყოფილებას იწვევს. კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო გახდა.

მოსამართლეები მიმდინარე სესიაზე უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა 26 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ მიმდინარე სესიაზე პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის გადაწყვეტილებას არ მიიღებს. 28 დეკემბერს კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა ეკა ბესელიამ და განმარტა, რომ გადაწყვეტილება სწორედ მოსამართლეების საკითხის გამო მიიღო. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსამართლეთა სიის დაჩქარებულ განხილვას ითხოვდა.

კომენტარები