თიბისი ბანკის საქმე

TBC: იმ საქმეზე, რასაც პროკურატურა იძიებს, სებ-მა წლების წინ დაგვაჯარიმა, ჯარიმა შეჩერებულია

TBC ჯგუფის ცნობით, წლების წინ ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 მლნ ლარით დაჯარიმდა. 

ინფორმაცია ამის შესახებ TBC ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა. 

თიბისის ცნობით, ეროვნული ბანკი თიბისი ბანკში 2007 და 2008 წლებში განხორციელებულ გარკვეულ ტრანზაქციებთან დაკავშირებით ატარებს ინსპექტირებას. 

ბანკის მიერ ინგლისურ ენაზე გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე წერია, რომ ინსპექცია ამტკიცებს, რომ თიბისი ბანკსა და გარკვეულ პირებს შორის (რომლებიც ეროვნული ბანკის აზრით, თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილესთან იყვნენ დაკავშირებულები) განხორციელებული ტრანზაქციები კანონმდებლობის დაცვით არ ყოფილა შესრულებული და ინტერესთა კონფლიქტის პრინციპს ეწინააღმდეგებოდა. 

"ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკი 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. ამ ეტაპზე გაურკვეველია, დააკისრებს თუ არა სებ-ი მას დამატებით სანქციებს. თიბისი ბანკმა ჯარიმა საქართველოს სასამართლოებში უკვე გაასაჩივრა და სასამართლომაც ჯარიმის შეჩერების შესახებ ბრძანება გამოსცა,"- წერია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, გუშინ, 8 იანვარს თიბისი ბანკში პროკურატურის შესვლაც სწორედ ამ ამბავს უკავშირდება. 

"აღსანიშნავია, რომ სქართველოს მთავარმა პროკურატურამ ასევე დაიწყო გამოძიება იმავე საქმეზე. თიბისი ბანკი უარყოფს ამ ტრანზაქციებთან კავშირს და მტკიცედ იცავს საკუთარ პოზიციებს. ამ ეტაპზე არ არის მოსალოდნელი, რომ ეს საკითხი თიბისი ბანკზე რაიმე ტიპის მატერიალურ გავლენას მოახდენს," - წერია ინგლისურენოვან განცხადებაში.

ამ განცხადების გარდა თიბისი ჯგუფის მიერ ქართულენოვანი განცხადებაც გავრცელდა, რომელშიც პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ეწერა:

"რაც შეეხება პროკურატურის მიერ გაკეთებულ კომენტარს დოკუმენტების ამოღებასთან დაკავშირებით, საკითხი ეხება 2008 წლის რიგით, კანონიერ საბანკო ოპერაციას, რომელიც:

  • არაერთხელ იქნა სახელმწიფო სტრუქტურების და ეროვნული ბანკის მიერ შესაბამის პერიოდებში შემოწმებული, როგორც მოქმედი ისე წინა ხელისფულების დროს;
  • არაერთხელ იქნა საერთაშორისო აუდიტორების მიერ შემოწმებული და მათი სისწორე დადასტურებული;
  • ამასთან, მოცემული ტრანზაქცია ხანდაზმულია."

კომენტარები