დაპირისპირება მმართველ გუნდში

ივანიშვილი ბესელიაზე: იგი წავიდა გუნდისა და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ

0 კომენტარი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ივანიშვილის თქმით, გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს საკითხი და მმართველ გუნდში არსებული სირთულეები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. მისივე თქმით, ის, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, თავს ვალდებულად მიიჩნევს ამ საკითხების შესახებ საზოგადოებას თავისი დამოკიდებულება გაუზიაროს. 

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში დღეს 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლეა წარმოდგენილი, სასამართლოს ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის.

"თუმცა, მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ მმართველმა გუნდმა მიიღო გონივრული გადაწყვეტილება, როდესაც დაიტოვა მეტი დრო მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მმართველი გუნდის წარმომადგენლების უმრავლესობის პოზიციის შესაბამისად. ჩვენ პატივს ვცემთ განსხვავებულ მოსაზრებებს გუნდში და მიგვაჩნია, რომ გონივრული გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ თავისუფალი დისკუსიის საფუძველზეა შესაძლებელი. მისასალმებელია, რომ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა იუსტიციის საბჭოს განცხადება იმის თაობაზე, რომ ისინი, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოსამართლეების არჩევის საკითხის საგაზაფხულო სესიაზე გადადებას გაგებით მოეკიდებოდნენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გადაწყვეტილება საკითხის განხილვის გადადების თაობაზე
'პარლამენტის თავმჯდომარემ 26 დეკემბერს გამოაცხადა,"- წერს ივანიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ამ ფონზე გაუგებარი იყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარის, ეკა ბესელიას, განცხადება, რომელმაც 27 დეკემბერს კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტის დატოვება მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. 

"მსურს საზოგადოებას დავუდასტურო, რომ გადაწყვეტილება ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომისა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე გადანაცვლების თაობაზე ჯერ კიდევ ზაფხულში იქნა მიღებული. აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებმაც მმართველ გუნდში 2017 წელს იჩინა თავი და რომლებიც პოლიტიკაში ჩემი დაბრუნების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დავასახელე - ეს იყო გუნდურობის დეფიციტი,"- წერს ბიძინა ივანიშვილი. 

მისი თქმით, ამ კონტექტსში სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში სრულიად სხვა საფუძვლით მიღებული გადაწყვეტილება ბესელიამ მოსამართლეების არჩევის საკითხს დაუკავშირა. 

"კიდევ უფრო გაუგებარია ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მან თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ მიიღო - რამდენიმე დღის განმავლობაში პარლამენტის ბიუროსთვის განცხადების არწარდგენით, აგრეთვე პარლამენტის რეგლამენტის უხეში დარღვევის გზით გედევან ფოფხაძის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩევით, იგი წავიდა გუნდის და გუნდურობის პრინციპის წინააღმდეგ. გუნდის მიმართ ამგვარი დამოკიდებულების გათვალისწინებით, სრულიად ბუნებრივია, რომ დღის წესრიგიდან მოიხსნა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ეკა ბესელიას არჩევის საკითხი,"- აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

ივანიშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა ჯერ არ განახლებულა. ის ამბობს, რომ ამ საკითხზე პოზიციები მმართველ გუნდს ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული. 

"აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი თავი ამ საკითხით დაინტერესებულ ერთადერთ მხარედ წარმოაჩინონ, დაელოდონ საკითხის განხილვას და თავი შეიკავონ იმგვარი განცხადებებისგან, რომლებიც აზიანებს როგორც გუნდის, ისე მოსამართლეთა არჩევის პროცესის ჯანსაღ გარემოში წარმართვის ინტერესებს.

დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას, რომელიც 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხის ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია და რომელსაც პირადად მე განსაკუთრებულად ვუფრთხილდები,"- აცხადებს ივანიშვილი. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები