პრეზიდენტი: პოლიტ. პერსონა აღარ ვარ, მოსამართლეზე პოზიციის დაფიქსირება მიუღებელი იქნება

ტვ პირველი

"მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, ასე რომ, ჩემგან რომელიმე მოსამართლის შესახებ პოზიციის დაფიქსირება სრულიად მიუღებელი იქნება" - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაესტროს მიერ დასმულ კითხვას სასამართლო სისტემისა და უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების ხმაურიან სიასთან დაკავშირებით. 

"თქვენ რასაც მეკითხებით, თუ რა არის ჩემი პოზიცია რომელიმე მოსამართლის მიმართ - მე დღეს აღარ ვარ პოლიტიკური პერსონა, არც ოპოზიციაში და არც პოზიციაში, ასე რომ, ჩემგან სრულიად მიუღებელი იქნება და ეს თქვენც კარგად იცით, რომ მე რომელიმე მოსამართლეზე გამოვთქვა ჩემი პირადი პოზიცია, რომელიც შეიძლება, თქვენ იცით და ბევრმა სხვამაც საზოგადოებაში, მაგრამ როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს ამის მიმართ პოზიცია. არც იმის მიმართ, თუ როგორ უნდა შეიქმნას სია, რომელიც შეადგენს ხვალ უზენაეს სასამართლოს. ერეთადერთი რამ შემიძლია, ვთქვა, რაც ეხება უზენაეს სასამართლოს, ეხება სასამართლოს მიმართ ნდობასა და ნდობის ყველაზე მაღალ ხარისხს და ამდენად, ალბათ, ყველაზე ფრთხილ პროცედურებს მოითხოვს,"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, ის მიესალმება, რომ უზენაესის მოსამართლეობის არჩევის პროცესი საზოგადოების მხრიდან უარყოფითი განწყობის გამო დროებით შეჩერებულია. 

"ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესში ჩართულ ყველა პირს მისცემს დროს იმისთვის, რომ გაიაზრონ კრიტერიუმები და ეს ყველაფერი იყოს ისე ჩატარებული, რომ ამ პროცედურების შემდეგ საზოგადოებაში გაჩნდეს უფრო მაღალი და არა ნაკლები ნდობა სასამართლოს მიმართ," - თქვა სალომე ზურაბიშვილმა. 

კომენტარები