უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

კობახიძე მიქაუტაძეს შეხვდა - სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა ასარჩევად კრიტერიუმებს შეიმუშავებს

იმედი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა.

ირაკლი კობახიძისა და გიორგი მიქაუტაძის შეხვედრა პარლამენტის შენობაში შედგა.

შეხვედრის შემდეგ პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმების შემუშავებაა საჭირო და ამას სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი გააკეთებს.

"ვისაუბრეთ დეტალურად იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. ზოგადი განცხადება ჩვენ უკვე გვაქვს გაკეთებული ამასთან დაკავშირებით. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ჩვენთვის ის, თუ როგორ წარიმართება თავად პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია, გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ არიან წარმოდგენილი პარლამენტის წევრები, ზოგადად სამივე შტო არის ხელისუფლების წარმოდგენილი", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში დეპუტატების გარდა, წარმოდგენილია მთავრობა - იუსტიციის სამინისტროს სახით, სასამართლო ხელისუფლება და მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

"ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც არის შესაძლებელი მსჯელობა პროცედურაზე, კრიტერიუმებზე, თუ რა სახით უნდა გაიწეროს ისინი, რა დონის საკანონმდებლო აქტით და ა.შ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ დეტალურად სამუშაო ჯგუფის ფორმატში", - აღნიშნა პარლამენტის სპიკერმა.

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში უნდა დაიგეგმოს და ჩაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ამ საკითხებზე მსჯელობას დაიწყებენ.

ირაკლი კობახიძემ დღეს ასევე თქვა, რომ ამ კრიტერიუმებს უკუძალა ექნება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია განახლდება, თუმცა არსებული სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია. ჟურნალისტების კითხვას - როგორ მოხდება სიის განახლება, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს ტექნიკური დეტალია და "ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ".

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თქმით, მას ჰქონდა საუბარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან და მათი პოზიციაა, რომ კრიტერიუმებს, რომელიც შემუშავდება, "დაექვემდებარება თითოეული მათგანი".

"პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო სამუშაო ჯგუფი შეთანხმდება", - აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ.

მისივე თქმით, არ შეიძლება ბრალდებების განზოგადება და კანდიდატებმა კითხვებს პასუხი ინდივიდუალურად უნდა გასცენ.

"თითოეული კანდიდატი, რომელიც ჩვენ გვყავდა წარმოდგენილი, მზად არის, რომ სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ კრიტერიუმს და ნებისმიერ რეგულაციას, რომელიც შემუშავდება, დაექვემდებაროს და საერთო წესით გასცეს პასუხი ყველა კითხვას. ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება კრებსითად რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. ეს არის ინდივიდუალურად, თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები კითხვები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი ეს შეკითხვები და პრეტენზიები. თითოეული კანდიდატი მზად არის აბსოლუტურად ღიად და გამჭვირვალედ გასცეს ამ შეკითხვებს პასუხი", - თქვა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმათველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად. 

კომენტარები