ბესელია-კობახიძე

ბესელია: კობახიძეს ვურჩევ კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს - პროცესი ისედაც დაძაბულია

ეკა ბესელია
პარლამენტი

"არავის თანხმობა არ მჭირდება, რომელ ჯგუფში გადავწყვეტ, რომ უნდა ვიყო ჩართული" - ეკა ბესელია პარლამენტის თვამჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას პასუხობს, სადაც კობახიძემ თქვა, რომ მოსამართლეთა კანდიდატურების შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის წევრები შესაბამისი კრიტერიუმებით განისაზღვრება. კობახიძემ არ უპასუხა კითხვას იქნება თუ არა ბესელია ამ ჯგუფში. 

"ყველა ჯგუფში ვიქნები, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმას ეხება. ამაზე არავის დასტური არ მჭირდება. ეს ჯგუფი 2017 წელს ჩემს მიერ შეიქმნა. კარგია, რომ ის ბატონ კობახიძეს მოსწონს. კარგია, რომ მუშაობა ამ ფორმატშიც გაგრძელდება. ჩვენ სხვა ფორმატსაც შევქმნით, რომელშიც ჩვენი კოლეგები უფრო მეტად იქნებიან წარმოდგენილი, რადგან საბოლოოდ ცვლილებები უნდა მიიღოს არა სამუშაო ჯგუფმა, არამედ პარლამენტმა. ამიტომ მე მას ვურჩევ, რომ ასეთი კონფრონტაციული ტონით ნუ ისაუბრებს - პროცესი ისედაც დაძაბულია. იმედი მაქვს, რომ ვივლით კონსტრუქციული გზით, რომლის მიზანი იქნება არა რომელიმე ვიწრო ჯგუფის ინტერესების დაცვა, არამედ ქართული მართლმსაჯულების ინტერესების დაცვა." - ამბობს ბესელია.

უზენაეს სასამართლოში უვადოდ წარსადგენი მოსამართლეების სია პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა განეხილა, თუმცა განხილვა საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო. განხილვის გადადების შემდეგ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა ეკა ბესელია და ამის მიზეზად კი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეები დაასახელა.

კომენტარები