უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

კობახიძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი გაიწერება

ირაკლი კობახიძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი კანონმდებლობით გაიწერება. 

პროცედურა ამ დრომდე არ არსებობს და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ხარვეზის გამოსწორებას რამდენიმე კვირაა, ითხოვენ. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მმართველი გუნდი ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის მზად არის. პროცედურასა და კრიტერიუმებზე კი სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს. 

„ჩვენ ვართ მზად ნებისმიერი ინიციატივის განხილვისთვის. რაც შეეხება პროცედურას, კრიტერიუმს, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური სამუშაო ჯგუფი იმსჯელებს, გაიწერება პროცედურა - კრიტერიუმები საკანონმდებლო აქტის დონეზე და ეს იქნება, სავარაუდოდ, ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ", რაც უმაღლესი რანგის მქონე საკანონმდებლო აქტია", - თქვა კობახიძემ. 

კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კრიტერიუმებს შორის ერთ-ერთი იყოს, არის თუ არა გასაჩივრებული მოსამართლის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, კობახიძემ უპასუხა, რომ ეს მოსამართლის დაბლოკვის საფუძველი ვერ გახდება, თუმცა, კრიტერიუმებს შორის შესაძლოა ესეც მოხვდეს. 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

NGO-ებმა მმართველ არაერთხელ მოუწოდეს, შეიმუშაონ შესაბამისი კრიტერიუმები. 

ამავე მოთხოვნით მიმართეს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ. 

უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმათველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად. 

კომენტარები