აფეთქება დიდ დიღომში

კალაძე: კორპუსის ჩაბარებისას გაზის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მერიის კომპეტენცია არაა

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, "მოქმედი კანონმდებლობით, შენობაში ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოება არავითარ კავშირში არ არის ექსპლუატაციაში მიღებასთან". მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, როგორ ხდება შენობის ექსპლუატაციაში მიღება. ცნობისთვის, შენობა, რომელიც დიდ დიღომში აფეთქდა, ექსპლუატაციაში არ იყო მიღებული.

"არქიტექტურის სამსახური გასცემს სამშენებლო ნებართვას. როდესაც დასრულდება შენობა-ნაგებობის მშენებლობა, მიდის ზედამხედველობის სამსახური და ამოწმებს, რამდენად თანხვედრაშია გაცემული ნებართვა და დამთავრებული შენობა-ნაგებობა, რამდენად შეესაბამება დამტკიცებულ პროექტს. ასე ხდება ექსპლუატაციაში მიღება. რაც შეეხება იმ კონკრეტულ შენობა-ნაგებობას, სადაც აფეთქება მოხდა, მას მომართვა გაკეთებული ჰქონდა, დაუდგინდა ხარვეზები, ეს ხარვეზები გამოსწორდა, შემოაბრუნეს ისევ მერიაში წერილი და რამდენიმე დღეში იქნებოდა ექსპლუატაციაში მიღებული ეს შენობა.

ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღებისას ბუნებრივი აირის ქსელის უსაფრთხოების შემოწმება მუნიციპალური ინსპექციისა და მერიის კომპეტენციაში საერთოდ არ შედის. ამას არეგულირებს მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი რეგულაციები და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებაში გაწერილი რეგულაციები. რა თქმა უნდა, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის შეყვანა ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული,“ - განაცხადა კახა კალაძემ და ბრიფინგზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონი წარადგინა.

თბილისის მერის თქმით, 2006 წელს კანონში იყო მეხუთე მუხლი, რომლის მიხედვითაც, აკრძალული იყო იმ შენობა-ნაგებობაში შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ იყო ექსპლუატაციაში.

"იმ ადამიანებმა, ვინც დღეს გამოდიან და ცდილობენ პოლიტიკურ სპეკულაციებს, 2009 წელს შეიტანეს ცვლილება და ეს მეხუთე მუხლი საერთოდ ამოიღეს. ანუ დღეს კანონით ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ იმ შენობა-ნაგებობებში შესვლა, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. ეს გააკეთა იმ, პოლიტიკურმა ჯგუფმა, რომელიც არის რუსთავი ორის მფლობელი პარტია და დღეს ჩვენ გვდებს ბრალს, თითქოს ეს არის კორუფციული სქემა. ჩვენ ვმოქმედებთ კანონის ფარგლებში" - ამბობს კალაძე და აღნიშნავს, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება სერიოზული პრობლემაა.

"გვყავს ათი ათასობით ოჯახი, გვაქვს ათასობით შენობა, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში და იქ ჩვეულებრივად, წლების განმავლობაში ცხოვრობენ ადამიანები. ეს ხდება იმ ცვლილების შედეგად, რომელიც ზუსტად ნაციონალურმა მოძრაობამ განახორციელა. მათ ბევრი რეგულაცია აქვთ ამოღებული და შედეგი გვაქვს სახეზე - რა მდგომარეობაშია დედაქალაქი, დამსახურებაა ნაციონალური მოძრაობის, რომ გააუქმეს რეგულაციები, ამოიღეს კანონიდან მნიშვნელოვანი შემაფერხებელი რეგულაციები, რომელიც განსაზღვრული იყო იმისთვის, რომ ეს ქაოტური განაშენიანება არ მომხდარიყო. ჩვენს პირობებში რეგულაციები მნიშვნელოვნად გამკაცრდა" - თქვა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

სამშენებლო კომპანია "ელ ჯგუფის" წარმომადგენლის გრიგოლ ჭანტურიას მტკიცებით, მან გაზის სუნის შესახებ ინფორმაცია "ყაზტრანს გაზს" პირადად მიაწოდა. სწორედ "ელ ჯგუფმა" ააშენა ის კორპუსი, რომელიც გუშინ, დიდ დიღომში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა.

"გაზის სუნი არისო, აიღეს, დარეკეს. ბიჭებმა მითხრეს, დარეკილი გვაქვს გაზკანტორაშიო. შემდგომ ავიღე, მე ავკრიფე ნომერი, პირადად მივაწოდე ინფორმაცია, სახელი და გვარი განვუმარტე ჩემი და ვუთხარი - "საზარელი სუნი დგას სადარბაზოში და გთხოვთ, მობრძანდით". - კი ბატონო, მოვალთო. 40 წუთში მოვიდნენ, შევიდნენ და არანაირი საფრთხე არ არისო" - ამბობს ჭანტურია.

ყაზტრანსგაზის განცხადებით, კომპანია დეტალების დაზუსტების შემდეგ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.

მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები