განათლების რეფორმა

ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი დიდ დიღომში - მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივა

საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება".

უწყების ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნო პარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.

მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილის თქმით, "ახალი საგანამანათლებლო ქალაქი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, განათლების სისტემის რეფორმის ნაწილია, რომელიც ყველა - სკოლამდელ, ზოგად, პროფესიულ, უმაღლესი განათლების და მეცნიერების საფეხურს მოიცავს". მისივე შეფასებით, "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი მაღალი ხარისხის განათლების სტანდარტის ნიმუში გახდება, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში დასახულ მიზნებს სრულად მოემსახურება".

კომპლექსის მშენებლობა დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12კმ-ზე, 129778,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაიწყება. პირველ ეტაპზე, ტენდერს პროექტირებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო გამოაცხადებს, რის შემდეგაც ტენდერი, მშენებლობაზე გამოცხადდება.

კომენტარები