აფეთქება დიდ დიღომში

დიდ დიღომში კორპუსის აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: პირველი არხი

დიდ დიღომში კორპუსის აფეთქების საქმეზე ორი პირი დააკავეს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი" - აცხადებს პრემიერი და აღნიშნავს, რომ "გამოძიება გრძელდება".

"გარწმუნებთ ყველას, ყველა ის პირი, რომელიც გამოვლინდება ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, - თქვა ბახტაძემ.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დააკავეს აფეთქების საქმეზე. შსს განცხადების გავრცელებას "მოგვიანებით" აპირებს.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვარს, 20:30-ზე მოხდა. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია. 

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ ყაზტრანსგაზის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზ თბილისმა განმარტება ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კომპანიის განცხადებით,დეტექტორმა გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა და მათთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები