აფეთქება დიდ დიღომში

ყასტრანსგაზის ორ თანამშრომელს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით წარუდგინეს

დიდ დიღომში მოხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულ ყასტრანსგაზის ორ თანამშრომელს თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალი წარუდგინეს. გამოძიება მათ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ედავება, რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვლისწინებს.

ადვოკატის თქმით, ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ თვლიან, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ყასტრანგაზის სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები 18 იანვარს დააკავეს. ისინი  ავთანდილის ქუჩის მაცხოვრებლებმა აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოიძახეს. მაცხოვრებლებს ეჭვი ქონდათ, რომ კორპუსში ბუნებრივი აირი ჟონავდა. გამოძიების ვერსიით, ყასტრანგაზის სპეციალისტებმა კორპუსის გაზგაყვანილობა „არაჯეროვნად შეამოწმეს“ და მოსახლეობას უთხრეს, რომ საღებავის სუნი გაზის სუნში ეშლებოდათ.

დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება 16 იანვრის 20:30 საათზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა - დაშავდა. დაშავებულთა უმეტესობა ბავშვია.

კორპუსის რამდენიმე მცხოვრების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენლები გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ კომპანიის თანამშრომლებმა პრობლემა ვერ აღმოაჩინეს.

ყაზტრანსგაზ თბილისის 18 იანვრის განმარტებით, დეტექტორმა გაზის გაჟონვა ვერ დააფიქსირა და მათთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო. ეს გულისხმობს მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

კომენტარები