უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

"მართლმსაჯულება გადასარჩენია" - აქცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან

0 კომენტარი
ფოტო: იდა ბახტურიძე

​იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების აქცია გაიმართა. სამოქალაქო სექტორი საბჭოს იმ წევრების გადადგომას ითხოვს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ათ კაციან სიას. აქციის მონაწილეებმა სპეციალურ მანიფესტსაც მოაწერეს ხელი.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ შემადგენლობამ, რომელმაც მხარი დაუჭირეს გასული წლის დეკემბერში მოსამართლეობის კანდიდატების სიის ნომინირებას საქართველოს პარლამენტში, მათ უნდა დატოვონ თანამდებობები. მეორე - სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ ბატონმა ჩინჩალაძემ და ბატონმა მურუსიძემ, ვინაიდან ისინი არიან სიმბოლო მორჩილი მოსამართლეების. ასევე, აუცილებელია, რომ პარლამენტმა ფართო საზოგადოებრივი დისკუსიების ფონზე დაიწყოს მსჯელობა კრიტერიუმებსა და პროცედურებზე და მეოთხე, ასევე მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც აუცილებლად მიგვაჩნია ჩვენ - სიის ნომინირება მოხდეს მხოლოდ მას შემდეგ, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა განახლდება", - ამბობს საია-ს ხელმძღვანელი, სულხან სალაძე.

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს უპასუხეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს მდივანი ამბობს, რომ საბჭო დამოუკიდებლად საქმიანობს და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილებას სწორედ ეს იწვევს. გიორგი მიქაუტაძის თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები არასამთავრობო სექტორიდან რომ ყოფილიყვნენ, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნებოდა.

"თუ კანდიდატურები იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ისე, როგორც ეს ხდებოდა ხოლმე აქამდე უზენაეს სასამართლოში წარსადგენ კანდიდატებთან მიმართებაში, მაშინ ყველა კმაყოფილი იქნება. ხოლო თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საერთო სასამართლოების სისტემა დამოუკიდებლად, ისევე, როგორც დღეს, ეს ხორციელდება, წარადგენს ამ კანდიდატურებს და ახორციელებს თავის საქმიანობას აბსოლუტურად დამოუკიდებლად და ყველანაირი გარე ძალების ჩარევის გარეშე, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს მათ უკმაყოფილებას და ასეთი ფორმით, პიროვნული დევნის ფორმით, კონკრეტული მოსამართლეების დევნის ფორმით გამოხატავენ პროტესტს", - ამბობს მიქაუტაძე.

აქციის მონაწილეებმა ონლაინ პეტიციაც შექმნეს, სახელწოდებით "მანიფესტი - მართლმსაჯულების გადასარჩენად", რომელიც ხელმოსაწერად ღიაა.

"სასამართლოს შიგნით ძალაუფლება ხელში ჩაიგდო პირთა იგივე ჯგუფმა - „კლანმა“, რომლის მეშვეობითაც წინა ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებდა სასამართლოს.  2012 წლის შემდეგ ამ ჯგუფმა მოიპოვა ყველა სამოსამართლო პოზიცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და დაიკავა ყველა მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული თანამდებობა სასამართლო სისტემაში. მათ ალიანსში აღმოჩნდა იუსტიციის საბჭოს  3 არამოსამართლე წევრი, რომლებიც  არასდროს აფიქსირებენ განსხვავებულ მოსაზრებას და უსიტყვოდ ეთანხმებიან კლანის ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საბჭოს მიმართ არსებული ლეგიტიმური კითხვების და მძიმე კრიტიკის ფონზე, მისი საქმიანობის რეფორმირების საჭიროება ასევე დააყენა ვენეციის კომისიამ კონსტიტუციური რეფორმის შეფასებისას", - წერია პეტიციაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევს.

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავს ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს სახელდება მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ ამას ექნება უკუძალა, თუმცა არსებული სიის გაწვევა იურიდიულად შეუძლებელია. ჟურნალისტების კითხვას - როგორ მოხდება სიის განახლება, პარლამენტის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ეს ტექნიკური დეტალია და "ბევრი ფორმა შეიძლება მოვიფიქროთ"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები