კრიმინალი

შსს: დავაკავეთ გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში გარდაცლილი 4 წლის გოგონას დედა, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავა, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.

"ამ შემთხვევამდე შსს-ში გარდაცვლილი ბავშვის მიმართ ოჯახში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შეტყობინება ერთხელ, 6 იანვარს შევიდა. ფიზიკური ძალადობის შესაძლო ფაქტზე, სსკ-ის 126-ე პრიმა მე-2 მუხლის "ა" ქვეპუნქტით დაიწყო გამოძიება. შეტყობინების საფუძველზე ოჯახში მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დააკავეს მცირეწლოვანის დედა ლ. ქ. თავად მცირეწლოვანი კი პოლიციამ სავადმყოფოში გადაიყვანა და მომხდარის შესახებ ეცნობა სოციალურ სამსახურს.

საქმეზე გამოიკითხა ბრალდებული და არაერთი მოწმე, მათ შორის ოჯახის წევრები, შეტყობინების ინიციატორი და პოლიციის თანამშრომლები. გამოკითხულმა მოწმეებმა უარყვეს ბავშვის მიმართ დედის მხრიდან რაიმე ფორმით ძალადობა. ოჯახის წევრების განცხადებით, ბავშვზე არსებული დაზიანებები გამოწვეული იყო მისი ჰიპერაქტიური ქცევით. ბრალის წარდგენის მტკიცებულებითი სტანდარტის არარსებობის მიუხედავად მის მიმართ პოლიციის მიერ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით დედას ეკრძალებოდა არასრულწლოვანთან კონტაქტი", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მომხდარი ფაქტის შემდეგ არასრულწლოვნის დედა ორდერის დარღვევისთვის პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გენერალური ინსპექციის მიერ უწყებაში პარალელურად დაწყებულია შესწავლა და სამსახურეობრივი შემოწმება, რომელიც დაადგენს მიმდინარეობდა თუ არა ეფექტიანად შემაკავებელი ორდერის მონიტორინგი.

მცირეწლოვანის გარდაცვალების ზუსტი მიზეზის დადგენის მიზნით, ტარდება საგამოძიებო ღონისძიებები, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

შეგახსენებთ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები