უზენაესი სასამართლო

ამერიკის სავაჭრო პალატა: მზად ვართ, მთავრობასთან სასამართლოს საკითხზე ვითანამშრომლოთ

ამერიკის სავაჭრო პალატა ირაკლი კობახიძეს და დავით მათიკაშვილს ღია წერილით მიმართავს და სთხოვს, პარლამენტმა სამოქ​ალაქ​ო სექტორთან თანამშრომლობით უმოკლეს ვადებში შეიმუშავოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში და საჭიროებისამებრ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რათა ჩამოყალიბდეს კონკრეტული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის და განისაზღვროს სამართლიანი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული წესები მათი წარდგენისა და დანიშვნისთვის.

"ბატონო ირაკლი და ბატონო დავით,

2018 წლის 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია. კანდიდატთა წარდგენა, როგორც ჩანს, განხორციელდა მცირე ან არანაირი ფორმალური და გამჭვირვალე შერჩევის პროცედურის გამოყენებით. ამასთან აღნიშნულ სიაშია მოსამართლეები, რომელთა გახმაურებულ საქმეთა გადაწყვეტილებების გარშემოც არსებობს შეკითხვები.

ამერიკის სავაჭრო პალატას, საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა და საერთაშორისო სავაჭრო პალატას გვსურს შევუერთდეთ საქართველოს საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ზრდად სიას, რათა გამოვთქვათ ჩვენი შეშფოთება კანდიდატთა წარდგენის პროცესთან დაკავშირებით.

უზენაესი სასამართლო არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინსტიტუტი არა მხოლოდ, როგორც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო, არამედ ის აგრეთვე წარმოადგენს სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის სიმბოლოს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესის წარმართვა სამართლიანი, გამჭვირვალე და განჭვრეტადი პროცესების გარეშე აღვივებს მეტად უარყოფით აღქმას საქართველოს მართლმსაჯულებისა და სასამართლოების სისტემის გარშემო, რომელიც უკვე არსებობს ბევრ დამკვირვებელს შორის. ეს ცუდია არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ უდაოდ ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე, ბიზნეს გარემოზე და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობაზე.

შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ, პარლამენტმა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით, უმოკლეს ვადებში შეიმუშავოს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში და საჭიროებისამებრ- საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები, რათა ჩამოყალიბდეს კონკრეტული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის და განისაზღვროს სამართლიანი, გამჭვირვალე და დამსახურებაზე დაფუძნებული წესები მათი წარდგენისა და დანიშვნისთვის.

ამასთან, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმის საჭიროებას, რომ საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ მართლმსაჯულების რეფორმას უფრო ფართო სპექტრში. ჩვენ ვაცხადებთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ მთავრობასა და პარლამენტთან ნებისმიერი გზით, იმისათვის რომ ვუზრუნველყოთ შესარჩევი და დანიშვნის პროცედურების სრული შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მოთხოვნებთან", - წერია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში
  • საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
  • ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო
  • საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოში

წერილის ასლი ასევე ეგზავნება საქართველოს პრემიერ მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თამარ ჩუგოშვილს, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს გიორგი მიქაუტაძეს. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

27 იანვარს კი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებზე სამსჯელოდ სამუშაო შეხვედრა ჩაინიშნა, რომელში მონაწილეობის მისაღებადაც არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიწვიეს, თუმცა, მათ ამ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს და მის პარალელურად საპროტესტო აქციაც დააანონსეს.

კომენტარები