აშშ-ვენესუელა

ბოლტონი: აშშ-ის დიპლომატების ან გუაიდოს მიმართ ძალადობას შესაბამის პასუხს გავცემთ

0 კომენტარი
ნიკოლას მადურო ფოტო: EPA

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის თქმით თუ ვენესუელაში ამერიკელ დიპლომატებს ან ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოს რაიმე საფრთხე დაემუქრებათ, აშშ "შესაბამის პასუხს გასცემს".

აშშ-ის მიერ ხუან გუაიდოს გარდამავალ პრეზიდენტად აღიარების გამო ვენესუელამ აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ამერიკელ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 72 საათი მისცა, თუმცა ვადის გასვლამდე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ქვეყნიდან გაძევების ბრძანება გაუქმდებოდა და 30-დღიან ვადაში ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები გაიმართებოდა.

"კუბას მხარდაჭერა და კონტროლი მადუროს უსაფრთხოების და სამხედრო ძალებზე კარგადაა ცნობილი. ნებისმიერი ძალადობა ამერიკელი დიპლომატების, ვენესუელის დემოკრატიული ლიდერის, ხუან გუაიდოს ან ეროვნული ასამბლეის წინააღმდეგ იქნება კანონის მძიმე დარღვევა და შესაბამის პასუხს მიიღებს." დაწერა ტვიტერზე ჯონ ბოლტონმა.

ხუან გუაიდო 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ და საქართველომ ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გუაიდოს პრეზიდენტად ცნობენ, თუ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები უახლოეს ერთ კვირაში არ დაინიშნება.

ქვეყანაში ანტი-სამთავრობო გამოსვლები გრძელდება.

ნიკოლას მადურომ, რომელსაც მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ თქვა, რომ მისი პრეზიდენტობის მოწინააღმდეგეებთან დიალოგისათვის მზადაა და ტრამპს ბევრი მესიჯი მისწერა, თუმცა მიაჩნია, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ის სძულს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში ნიკოლას მადურომ ვენესუელას ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმათა 67,7% დააგროვა და ქვეყნის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა. მიმდინარე კვირას მის ინაუგურაციას ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტები, რაულ ხაჯიმბა და ანატოლი ბიბილოვიც დაესწრნენ.

თუმცა, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა მხოლოდ 46%-მა მიიღო, ხოლო ოპოზიცია მადუროს არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს. მათმა ნაწილმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

დოლარის ყიდვა ვენესუელაში მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი, რადგან მთავრობამ რამდენიმე წლის წინ თავისუფალი სავალუტო ოპერაციები აკრძალა.

პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ მოსახლეობას კურდღლების ყოლისკენაც კი მოუწოდა, რადგანაც, "კურდღლები კურდღლებივით მრავლდებიან", მათი ხორცის მიღება კი იაფი ჯდება. სახელმწიფომ მოსახლეობას "საჯიშე" კურდღლები უსასყიდლოდ გადასცა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

მოსახლეობის განსაკუთრებული პროტესტი ნიკოლას მადუროს მიერ პარლამენტისთვის უფლებების ჩამორთმევას და მთავრობის მხარდამჭერებით დაკომპლექტებული "საკონსტიტუციო ასამბლეის" დაფუძნებისთვის გამართულ არჩევნებს მოჰყვა.

სახელმწიფომ პროტესტის ჩასახშობად სამხედროებიც გამოიყენა, გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციებს 164 ადამიანი ემსხვერპლა 15,000 კი დაშავდა.

გაეროს ინფორმაციით 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები