უკრაინის ავტოკეფალია

ინაშვილი და თარხან-მოურავი საპატრიარქოს მოუწოდებენ მხარი არ დაუჭირონ უკრაინის ავტოკეფალიას

0 კომენტარი
ფოტო: ipress

ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი საქართველოს საპატრიარქოს მოუწოდებენ უკრაინის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭირონ. ისინი საპატრიარქოს ოფიციალური წერილით მიმართავენ. 

წერილი ირმა ინაშვილის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. 

"არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ ძალზედ გვაწუხებს და, მეტიც, გვაშინებს საუკუნოვანი ფასეულობების გადაფასების გლობალური პროცესი. ბუნებრივია, ჩვენ გვსურს, რომ ახალგაზრდა თაობა განმსჭვალული იყოს რწმენით, სიყვარულით, კაცთმოყვარეობითა და თავშეკავებით, რათა პირველადი იყოს სულიერება. ასევე ცხადია, ჩვენ საერთოდ არ გვინდა, რომ ახალგაზრდა თაობა ფიქრობდეს მარიხუანასა და კოკაინზე",- წერია წერილში. 

წერილში აღნიშნულია, რომ 2016 წელს ჩატარებულმა მსოფლიო პატრიარქის მიერ კუნძულ კრეტაზე მოწვეულმა კრებამ უდავოდ გააჩინა ბზარი მართლმადიდებელთა შორის და ეს ბზარი მწვავე განხეთქილებაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინას გადასცა განჩინება ავტოკეფალიის შესახებ. 

"ვფიქრობთ, ყველასთვის ნათელია, რომ ეს განჩინება პირობას უქმნის უკრაინაში ორი მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობას. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პატრიარქის მიერ აღიარებულ ეკლესიას ავტოკეფალური ეწოდება, დღეს ამ ეკლესიას ნაკლები უფლებები აქვს, ვიდრე უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთის ეკლესიის შემადგენლობაში. ამასთან, მომავალშიც, თუკი უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის უფლებები გაიზრდება, მსოფლიო პატრიარქის განჩინებიდან გამომდინარე, ორივე ეკლესია დაახლოებით ერთნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდება. სინამდვილე კი ისაა, რომ მსოფლიო პატრიარქი უკრაინაში თავისი გავლენის ქვეშ მყოფ ეკლესიას აფუძნებს, ქმნის მონასტრებს თავის დაქვემდებარებაში და ასევე თავის დაქვემდებარებაში გადაჰყავს უკრაინელი მრევლი ამერიკაში, კანადასა თუ სხვა ქვეყნებში. საბოლოო ჯამში ამ ყველაფერმა, ფაქტობრივად, უფსკრული გააჩინა მართლმადიდებლობის წიაღში",- წერია წერილში. 

შეგახსენებთ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ ტომოსს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. 6 იანვარს სტამბოლში, წმინდა გიორგის ტაძარში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს ტომოსი გადასცა. ამით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის შექმნა ფორმალურად დასრულდა.

საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. 

ცნობისთვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო და საერო წევრები, წმიდა სინოდს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდასაჭერი პეტიციით მიმართავენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას და უმაღლესი თანამდებობის პირებს ამ დრომდე არ მიულოცავთ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭება. ისინი ამბობენ, რომ ამ საკითხზე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ერთად იმსჯელებენ. საქართველოს საპატრიარქო კი აცხადებს, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხონ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები