NDI-ის კვლევა

NDI: ინგლისური ენა მოსახლეობის 22%-მა იცის, რუსული 66%-მა

​​ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, საქართველოში ინგლისური მხოლოდ 22%-მა იცის, აქედან 7%-მა მაღალ დონეზე, 15%-მა საშუალოდ, ხოლო 16%-მა დაწყებით დონეზე. ენის საწყისი ცოდნა არ აქვს გამოკითხულთა 60%-ს.

რაც შეეხება რუსულს, გამოკითხულთა 66%-მა ეს ენა იცის - 21%-მა მაღალ დონეზე, 45%-მა საშუალოდ. 21%-ს დაწყებითი ცოდნა აქვს, ხოლო 12%-ს საწყისი ცოდნა არ აქვს.

კიდევ ერთი უცხო ენა არის თურქული, რომელიც გამოკითხულთა 10%-მა იცის. აქედან 3%-მა მაღალ დონეზე, ხოლო 7%-მა საშუალოდ. 82%-ს საწყისი ცოდნა არ აქვთ.

გარდა ამისა, NDI დაინტერესდა არაქართულენოვან მოსახლეობაში ქართულის ცოდნით. კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 20%-მა ენა იცის, აქედან 4%-მა მაღალ დონეზე, ხოლო 16%-მა საშუალოდ. 29%-ს აქვს დაწყებითი ცოდნა, ხოლო 44%-ს არ აქვს საწყისი ცოდნა.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩაატარა, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საველე სამუშაოები 6-20 დეკემბერს ჩატარდა. გამოიკითხა 2205 ადამიანი, ცდომილების საშუალო ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები