გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები

გენეტიკურად მოდიფიცირებული ქათმები კიბოს საწინააღმდეგო წამლის შემცველ კვერცხებს დებენ

ედინბურგის უნივერსიტეტის როზლინის ინსტიტუტის მკვლევრებმა შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ქათმები, რომლებიც ართრიტის და კიბოს ზოგიერთი ფორმის წამლების შემცველ კვერცხებს დებენ. 

წამლების ამგვარი წარმოება დაახლოებით 100 ჯერ უფრო იაფია, ვიდრე ქარხნებში. მკვლევრებს სჯერათ, რომ მალე წამლების კომერციული რაოდენობით წარმოებასა შეძლებენ. 

ბევრი დაავდება ჩნდება იმის გამო, რომ ორგანიზმი ვერ წარმოქმნის გარკვეულ ნივთიერებას ან ცილას. ასეთი დაავადებების გაკონტროლება შეიძლება წამლებით, რომლებიც დეფიციტურ ცილას შეიცავს. ამ წამლებს ფარმაცევტული კომპანიები ასინთეზირებენ, მათი წარმოება ძალიან ძვირი ჯდება. 

როზლინის ინსტიტუტის მკვლევრებმა აიღეს ადამიანის გენი, რომელიც გარკვეულ ცილებს წარმოქმნის და მოათავსეს ქათმის დნმ-ში, რომელიც ჩართულია კვერცხის ცილის წარმოქმნაში. 

მკვლევართა გუნდმა ყურადღება გაამახვილა ორ ცილაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი იმუნური სისტემისთვის: ერთია IFNalpha2a, რომელსაც ანტივირუსული და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტები აქვს, და მეორეა macrophage-CSF, რომელიც ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას და მონაწილეობს ლეიკოციტების წარმოქმნაში. 

წამლის ერთი დოზის შესაქმნელად სამი კვერცხია საკმარისი, ქათმებს კი წელიწადში 300-მდე კვერცხის დადება შეუძლიათ. თუ ქათმების რაოდენობა საკმარისი იქნება, მომავალში კომპანია წამალს კომერციული რაოდენობით გაყიდის. 

ამ ტექნოლოგიით მიღებული წამლების ადამიანებზე გამოყენება, ყველა რეგულაციის გათვალისწინებით, 10-20 წელი დასჭირდება. უახლოეს მომავალში მკვლევრები ქათმების გამოყენებას დაავადებული შინაური ცხოველების სამკურნალოდ გეგმავენ.

კომენტარები