უზენაესი სასამართლო

მოსამართლე გვრიტიშვილი: სად იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები 2012 წლამდე?

დიმიტრი გვრიტიშვილი
რუსთ

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვტირიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში სასამართლო სისტემის ირგვლივ არსებულ ვითარებასა და დაპირისპირებაზე ისაუბრა. 

გვრიტიშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დასანიშნთა იმ სიაში იყო, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარმოადგინა. სიას საბჭოს არამოსამართლე წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ სასამართლო სისტემას კლანი მართავს და საბჭოს მიერ გადადგმული ნაბიჯებიც ამ კლანის გაძლიერებას ემსახურება. 

რუსთავი 2-ის ეთერში გვრიტიშვილმა თქვა, რომ ის სისტემის ინტერესებს იცავს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თავდასხმებისგან. 

"ჩვენ გვაკისრია ფუნქცია, რომ დავიცვათ სისტემის ინტერესები და დავიცვათ თითოეული მოსამართლე ამგვარი თავდასხმებისგან. თუ საჭიროა, იმავე მეთოდებით დავუპირისპირდეთ ოპონენტებს, რომლებიც ლანძღავენ სასამართლო ხელისუფლებას.

რაც შეეხება არასამთავრობოების პოზიციას, ასეთი კითხვა გვიჩნდება - ჩვენ გვეძახიან, რომ ვართ სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის მოსამართლეები, არადა, მოსამართლეთა უმეტესობა გამწესებულია თანამდებობაზე 2012 წლამდე. სად იყვნენ ეს არასამთავრობოები 2012 წლამდე. 

გაგახსენებთ, სად იყვნენ - ქალბატონი ეკა გიგაური, კაპიტანი გიგაური - ასეც მოვიხსენიებ ჩემს პოსტებში, ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა იმ ხელისუფლების დროს. 2010 წლიდან სათავეში ჩაუდგა არასამთავრობო ორგანიზაციას და 8 წელია, ხელმძღღვამელობს მას. არ გამიგია მე არც მისი და არც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკა სასამართლო ხელისუფლების მიმართ. მაშინ არ იყო კლანი? როდესაც ეკა გიგაური 2015 წლის მაისში ლევან მურუსიძესთან მიდიოდა და  მასთან მემორანდუმებს აფორმებდა?" - თქვა გვრიტიშვილმა. 

მისივე თქმით, ვითარება 2015 წელს შეიცვალა, როდესაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გახდა და რომელზეც "არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც და სხვა გარკვეული ძალებიც იმედებს ამყარებდნენ", თუმცა, გვენეტაძემ ეს იმედები ვერ გაამართლა, სასამართლო სისტემის ლიდერი კი ლევან მურუსიძე გახდა. 

"ნინო გვენეტაძემ მხარდაჭერა და ავტორიტეტი სასამართლო კორპუსში ვერ მოიპოვა. ამის პარალელურად გამოიკვეთა, რომ ლევან მურუსიძე გახდა ლიდერი არა მარტო საკუთარი პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე, ყველა მოსამართლესთან მისულიყო და არა შანტაჟით და დაშინებით, არამედ გულწრფელად, ერთ პოზიციაზე დაეყენებინა ადამიანები.

ამ ადამიანმა, ლევან მურუსიძემ, როგორც ლიდერმა, პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ასევე, როგორც საბჭოს მდივანმა, თავის გარშემო შემოიკრიბა მოსამართლეები. არასამთავრობოებმა დაინახეს საფრთხე, რომ რეალურად სასამართლო ხელისუფლება შედგა ქვეყანაში", - თქვა დიმიტრი გვრიტიშვილმა. 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

კომენტარები