ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

10 000 000 ევრო - სტრასბურგმა რუსეთს ქართველების დეპორტაციისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა

0 კომენტარი
ფოტო: ამერიკის ხმა

დღეს სტრასბურგის დიდმა პალატამ "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე 16 ხმით 1-ის წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოიტანა და რუსეთს გამოძევებისთვის კომპენსაციის სახით 1 500 ეთნიკური ქართველისთვის 10 000 000 ევროს გადახდა დააკისრა. 

საქმე ეხება 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან 4 634 ეთნიკური ქართველის გამოძევებას. 

სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთის სახელმწიფომ იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებზეც მხოლოდ პროტოკოლის მე-4 მუხლის (კოლექტიური გამოძევების) დარღვევა დადგინდა, 2 000 ევრო უნდა გადაუხადოს. ხოლო მათ, ვისზეც ამ მუხლთან ერთად #5.1 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 (დაკავებისას არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლების დარღვევაც დადგინდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების მიხედვით, რუსეთის სახელმწიფომ 10 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს. 

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება 2014 წელსაც საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. 

ფაქტობრივი გარემოებები

აღნიშნული საქმე ეხებოდა რუსეში საქართველოს მრავალი მოქალაქის დაკავებას, დაპატიმრებასა და გაძევებას  2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში.

საქართველოს მთავრობის თანახმად,  ეს ზომები იყო შურისძიება, რომელიც მოყვა თბილისში 2006 წლის 27 სექტემბერს ოთხი რუსი ოფიცერის დაკავებას, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კულმინაცია იყო.

საქართველოს მთავრობის განაცხადის თანახმად, ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გაძევების 4 600 ბრძანება გამოსცა. მათ შორის 2 300-ზე მეტი პირი დააკავეს და ძალის გამოყენებით გააძევეს, დანარჩენებს კი საკუთარი სახსრებით მოუწიათ ქვეყნის დატოვება. საქართველოს მთავრობა აცხადებდა (maintained), რომ ციფრები საქართველოს მოქალაქეების გაძევების მონაცემებში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა. ეს მონაცემები 2006 წლის ივლისისა და სექტემბრის თვეებში საშუალოდ 80-დან 100 ადამიანამდე იყო, 2006 წლის ოქტომბრისა და 2007 წლის იანვრის პერიოდში კი თვეში 700-დან 800 ადამიანამდე გაიზარდა.

საკუთარი მტკიცებების გასამყარებლად, რომლის მიხედვით ამ მონაცემის  ზრდა  იყო სპეციფიურად საქართველოს მოქალაქეებზე მიმართული პოლიტიკის შედეგი,  საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა დოკუმენტები, რომლებიც გამოცემულია 2006 წლის ოქტომბრის დასაწყისსა და შუა რიცხვებში სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა პოლიციის ორგანოების, ასევე რუსეთის ფედერაციის მიგრაციის სამსახურის მიერ. ეს დოკუმენტები, რომლებიც აისახა (referred) ორ ბრძანებაში, რომელიც გამოსცა სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველომ და რუსეთის შს სამინისტომ 2006 წლის სექტემბრის ბოლოს, უბრძანებდა ამ უწყებების თანამშრომლებს, მიეღოთ ფართო მასშტაბიანი ზომები, რათა გამოევლინათ მაქსიმალურად ბევრი საქართველოს მოქალაქე, რომელიც რუსეთში უკანონოდ ცხოვრობდა - იმ მიზნით, რომ  ისინი დაეკავებინათ და  დეპორტაცია მოეხდინათ. 

საქართველოს მთავრობამ ასევე წარმოადგინა 2006 წლის ოქტომბერში სკოლებისთვის გაგზავნილი მოსკოვის ორი ოლქის შინაგან საქმეთა სამმართველოს ორი წერილი, მოთხოვნით, მომხდარიყო ქართველი მოსწავლეების იდენტიფიკაცია რათა, მათ შორის, „უზრუნველეყოთ საჯარო წესრიგი და კანონის პატივისცემა, მოეხდინათ ტერორისტული აქტების და მოსკოვის მაცხოვრებელ და საქართველოს მოქალაქე ბავშვებს შორის დაძაბულობის პრევენცია.

რუსეთის მთავრობამ იდავა საქართველოს მთავრობის ბრალდების წინააღმდეგ. მათ განაცხადეს, რომ არ მიუღიათ არანაირი შურისძიებითი ზომა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, არამედ უბრალოდ აგრძელებდნენ არალეგალური იმიგრაციის თავიდან აცილებისთვის საჭირო ზომების მიღებას. რაც შეეხება გაძევებათა რაოდენობას, მათ განაცხადეს,  რომ არ გადაუცილებიათ წლიური ან ნახევარ წლიური სტატისტიკისთვის. მათივე თქმით, 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მიმართ გაიცა 4000-მდე ადმინისტრაციული გაძევების ბრძანება,  2006 წლის პირველი ოქტომბრიდან 2007 წლის პირველ აპრილამდე კი 2800 ბრძანება. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი გაყალბებული იყო.  რუსეთის მთავრობამ დაადასტურა სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ბრძანების არსებობა, თუმცა მათი შინაარსის შესახებ არაფერი განაცხადა. რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ბრძანებები ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე ვერ იქნებოდა წარდგენილი, რადგან ისინი “სახელმწიფო საიდუმლოებად” იყო კლასიფიცირებული. რუსეთის მთავრობას არ უუარყვია, რომ რეგიონულმა ხელისუფლებამ დააგზავნა წერილები მოსკოვის სკოლებში და სხვა რეგიონებში ქართველი მოსწავლეების იდენტიფიცირების მიზნით, მაგრამ უარყო რომ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანების საფუძველზე მოხდა; საპირისპიროდ, მათ განაცხადეს, რომ წერილები თვითნება მოხელეების მიერ იქნა დაგზავნილი და ისინი ამისათვის დაისაჯნენ.

სხვადასხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა - მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტმა, Human Rights Watch-მა და ადამინის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციამ - წარადგინეს ანგარიშები, 2007 წელს, საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მიერ 2006 წლის შემოდგომაზე გამოძევაბასთან დაკავშირებით. ანგარიშებში მათ ხაზი გაუსვეს ადმინისტრაციულ და სასამართლო ხელისუფლებას შორის კოორდინირებულ მოქმედებას, რომელსაც ისინი სანქტ პეტერბურგის შინაგან საქმეთა სამმართველოს ერთი და იმავე დოკუმენტების საფუძველზე აკეთებდნენ, რაც ასევე განაცხადა საქართველოს მთავრობამ.

 ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში, 2011 წლის 31 იანვრიდან 4 თებერვლამდე მოხდა მოწმეთა ჩვენებების მოსმენა, რომლის ფარგლებშიც ჩვენება მისცა 21-მა მოწმემ - მათ შორის 9 საქართველოს მხარის მიერ წარდგენილმა, 10 რუსეთის მთავრობის მიერ, 2 კი სასამართლოს მიერ არჩეულმა. 

ქართველი მოწმეების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს აკავებდნენ მათი პირადობის მოწმობის შემოწმების შემდეგ ქუჩებში, ბაზარში, მათ სამუშაო ადგილებსა და სახლებში. რამდენიმე მოწმემ განაცხადა, რომ მათ იკითხეს დაკავების მიზეზი, რაზეც პასუხად მიიღეს, რომ მათ აკავებდნენ, რადგან ქართველები იყვნენ და ზემოდან ბრძანება იყო, რომ ქართველი მოქალაქეები გაეძევებინათ.

 პოლიციაში რამდენიმე საათის ან რამდენიმე დღის ყოფნის შემდეგ, ისინი ჯგუფებად ავტობუსით გადაიყვანეს სასამართლოში, რომელმაც ჯამურად დააკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა და მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ტერიტორიიდან მათი ადმინისტრაციული გაძევების შესახებ. სასამართლო პროცედურა დაახლოებით 5 წუთი გაგრძელდა და არ მომხდარა ფაქტების რეალური შემოწმება, მოპასუხეები არ ყოფილან წარმოდგენილი ადვოკატის მიერ. მოსამართლეებმაც და პოლიციის ოფიცრებმაც ურჩიეს მათ არ გაესაჩივრებინათ გადაწყვეტილება და უთრეს, რომ არსებობდა საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან გაძევების ბრძანება. მათ გაატარეს ორი დღიდან ორ კვირამდე დაკავების ცენტრებში უცხოელებისთვის, გადატვირთულ საკნებში - რის გამოც უწევდათ რიგრიგობით დაძინება და სათლის,  რომელსაც ტუალეტის ფუნქცია ჰქონდა, რიგრიგობით გამოყენება - სანამ მათ გადაიყვანდნენ მოსკოვის სხვადასხვა აეროპორტებში, საიდანაც ისინი გადაიყვანეს საქართველოში.

რუსეთის მხარის მოწმეებმა, ფედერალური მიგრაციის სამსახურისა და მოსკოვის პროკურატურის თანამშრომლებმა, განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაესაჩივრებინათ სასამართლოს გადაწყვეტილება და არ ყოფილა საქართველოს მოქალაქეების უფლებების შეზღუდვის ბრძანება. რუსმა მოწმეებმა ასევე უარყვეს, რომ დაკავების ცენტრებში პირობები არაადეკვატური იყო.

თავიანთ ანგარიშებში,  PACE-ის მონიტორინგის კომიტეტი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები დაკავებებს, სასამართლო პროცედურებს, დაკავების და საქართველოს მოქალაქეების გაძევების პირობებს აღწერენ ქართველი მოწმეების მსგავსად და აცხადებენ, რომ დაკავებისას გარდაიცვალა საქართველოს ოთხი მოქალაქე" - წერია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნოე სულაბერიძე

კომენტარები