ქართველების დეპორტაცია რუსეთიდან

დეპორტაციის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას მხარი მხოლოდ რუსმა მოსამართლემ არ დაუჭირა

0 კომენტარი
ფოტო: culturaldiplomacy.org

რუსი მოსამართლე დიმიტრი დედოვი ერთადერთია, რომელმაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე მხარი არ დაუჭირა. 

დიდი პალატის 16 მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების დეპორტაციის საქმეზე, რუსეთის სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 1 500 ქართველისთვის 10 000 000 ევროს გადახდა დაეკისრა. 

დედოვი 2008 წლიდან 2012 წლამდე რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე იყო, ხოლო 2012 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლედ რუსეთის ფედერაციის წარდგინებით აირჩიეს. 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება ყველა ქვეყნისთვის სავალდებულოა. თბილისის დროით 14:30-დან რუსეთს 3 თვე მიეცა იმისთვის, რომ საქართველოს სახელწმიფოს 10 000 000 ევრო ჩაურიცხოს.

სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებით, რუსეთის სახელმწიფომ იმ ეთნიკურ ქართველებს, რომლებზეც მხოლოდ პროტოკოლის მე-4 მუხლის (კოლექტიური გამოძევების) დარღვევა დადგინდა, 2 000 ევრო უნდა გადაუხადოს. ხოლო მათ, ვისზეც ამ მუხლთან ერთად #5.1 (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და მე-3 (დაკავებისას არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) მუხლების დარღვევაც დადგინდა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილების მიხედვით, რუსეთის სახელმწიფომ 10 000-დან 15 000 ევრომდე უნდა გადაუხადოს. 

სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების დეპორტაციის გამო რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს საჩივარზე გადაწყვეტილება 2014 წელსაც საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. 

ფაქტობრივი გარემოებები

ეს საქმე ეხებოდა რუსეში საქართველოს მრავალი მოქალაქის დაკავებას, დაპატიმრებასა და გაძევებას 2006 წლის სექტემბრის ბოლოდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე პერიოდში.

საქართველოს მთავრობის თანახმად, ეს ზომები იყო შურისძიება, რომელიც მოყვა თბილისში 2006 წლის 27 სექტემბერს ოთხი რუსი ოფიცერის დაკავებას, რაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კულმინაცია იყო.

საქართველოს მთავრობის განაცხადის თანახმად, ამ პერიოდის მანძილზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ხელისუფლებამ გაძევების 4 600 ბრძანება გამოსცა. მათ შორის 2 300-ზე მეტი პირი დააკავეს და ძალის გამოყენებით გააძევეს, დანარჩენებს კი საკუთარი სახსრებით მოუწიათ ქვეყნის დატოვება. საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ციფრები საქართველოს მოქალაქეების გაძევების მონაცემებში მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდა. ეს მონაცემები 2006 წლის ივლისისა და სექტემბრის თვეებში საშუალოდ 80-დან 100 ადამიანამდე იყო, 2006 წლის ოქტომბრისა და 2007 წლის იანვრის პერიოდში კი თვეში 700-დან 800 ადამიანამდე გაიზარდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები