ტრაგედია ისანში

ყაზტრანსგაზის წარმომადგენელი: ამ ბინაში კუსტარული დანადგარი 2017 წელს დავლუქეთ

ტაბულა

ყაზტრანსგაზის სპეციალურმა მმართველმა, გიგლა თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი მხუთავი გაზი იყო, რომელიც, თავის მხრივ, არასწორად და კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია. 

თამაზაშვილის თქმით, ყაზტრანსგაზს ვალდებულება აქვს, წელიწადში ერთხელ საცხოვრებელ ბინებში გეგმიური შემოწმება ჩაატაროს და ხარვეზის შემთხვევაში ნებისმიერი დანადგარი დალუქოს ან ჩახსნას და მოქალაქეს სიტუაციის გამოსწორებისკენ მოუწოდოს. 

"მოქალაქე ვალდებულია, მივიდეს ოფისში, შედგება ახალი ტექნიკური პროექტი და ახალი წყალგამაცხელებელი სისტემის დამონტაჟება", - ამბობს თამაზაშვილი. 

მისივე თქმით,

"ბინაში სულ სამი დანადგარი იყო, - გაზქურა, გამათბობელი და წყალგამაცხელებელი. მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ყაზტრანსგაზი ჭრის მხოლოდ იმ დანადგარს, რომელიც შეუსაბამოა. 

2017 წელსაც იყო მსგავსი ტიპის დანადგარი ამ ბინაში, ჩაიჭრა მაშინაც და დაილუქა და შეუწყდა გაზმომარაგება.

წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ. ხშირად გვაქვს შემთხვევა, რომ დავლუქავთ დანადგარს, მაგრამ მალევე აერთებენ, ხშირ შემთხვევაში ჩვენი წარმომადგენლის გამოსვლის მომენტშიც. ამ შემთხვევაში საკანონდებლო ბაზა გარკვეულად გამოსასწორებელია..მერიასა და ეკონომიკის სამინისტროში, მარეგულირებელ კომისიაში გვქონდა შეხვედრა, პროცედურა დაწყებულია და ამ სივრცეში არსებული ხარვეზები უახლოეს მომავალში უნდა გამოსწორდეს", - თქვა გიგლა თამაზაშვილმა. 

ქეთევან წამებულის ქუჩაზე 7 ადამიანი დღეს გარდაიცვალა. 

მეზობლები ამბობენ, რომ 7-ეე მათგანი მუშად მუშაობდა და ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

ისნის გამგებელმა ტელეკომპანია პირველს უთხრა, რომ როცა ისინი ბინაში შევიდნენ, ყველა მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. 

კომენტარები