განათლება

ზედანია: გიორგი ქადაგიძე სტრუქტურულ რეფორმაში მონაწილეობაზე უარს ამბობდა

გიგა ზედანია
radiotavisupleba.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ქადაგიძის განცხადებას ეხმაურება. ქადაგიძემ დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის. 

გიგა ზედანიას თქმით, უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი, სადაც იფუნქციონირებს ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა და სხვა პროგრამები. რექტორი განმარტავს, რომ იდეა არის ერთიანი სივრცე, სადაც მაღალი ტექნოლოგიები, ბიზნესი და განათლება გადაიკვეთება. ზედანიას თქმით, პროფესორები და პროგრამები რჩება, ასევე, იზრდება სინერგია დისციპლინებს შორის.

თუმცა, ილიაუნის რექტორი აქვე აღნიშნავს, რომ 2019 წელს განხორციელებულ სტრუქტურულ რეფორმაში მონაწილეობაზე გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა.

"2019 წელი განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელზეც ლაპარაკი ბევრად ადრეა დაწყებული. ყველა წესის დაცვით, ყველა კოლეგიური საბჭოს ჩართვით. თუმცა გიორგი ქადაგიძე უარს ამბობდა პროცესში მონაწილეობაზე.

გავაკეთეთ რეფორმა, შევქმენით ახალი ფაკულტეტი, გამოვაცხადეთ ახალი კონკურსი დეკანის თანამდებობაზე, რომელში მონაწილეობაც ფაკულტეტის ნებისმიერ პროფესორს შეუძლია, მათ შორის გიორგი ქადაგიძესაც.

სიახლის ნამდვილად არ გვეშინია, არამედ სიახლე გვჭირდება. "მოძრაობა და მარტო მოძრაობა." ეს ბოლო რეფორმაც ამის დასტურია.

შინაარსი ესაა, პერსონალურ კინკლაობაში შესვლას არ ვაპირებ", - წერს გიგა ზედანია ფეისბუქზე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ახალი ფაკულტეტის სასწავლო პროცესი წარიმართება, მათ შორის, ილიაუნის ახალ შენობაში, რომელიც სან-დიეგოს უნივერსიტეტთან ერთად აშენდა და რომელიც სტუდენტურ სივრცეებს, ბიბლიოთეკას, ლაბორატორიებს, უახლესი ტექნიკით აღჭურვილ საკლასო ოთახებს მოიცავს.

"შედეგად სტუდენტები მიიღებენ ბევრად უფრო კარგ სერვისს, უკეთესი ხარისხის პროგრამებსა და სასწავლო გარემოს, დასაქმების უკეთეს შანსებს.

გარდა ამისა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტს ვუმატებთ სამედიცინო მიმართულებას - ინგლისურენოვანი პროგრამა მზადაა და აკრედიტაციაზე შეტანილი", - წერს ზედანია.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ილიაუნი ყოველთვის იყო ცვლილებებზე ორიენტირებული და მიღწევების ჩამონათვალს აქვეყნებს.

"ცხადია, ეს არ არის ილიაუნის პირველი რეფორმა და არც - უკანასკნელი. ჩვენ ყოველთვის ვიყავით დინამიკური და ცვლილებებზე ორიენტირებული ინსტიტუცია.

და რას მივაღწიეთ?

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გადავიდა მოწინავე პოზიციებზე ერთიან ეროვნულ გამოცდებში;

სრულად განახლდა სასწავლო ინფრასტრუქტურა; გაიხსნა საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია;

დასრულდა და მალე ექსპლუატაციაში შევა პირველი ტექნოლოგიური კორპუსი;

სახელმწიფოსგან მივიღეთ უპირობო ავტორიზაცია (ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი საერთაშორისო ექსპერტია და საუკეთესო პრაქტიკად ჩაგვითვალეს სტუდენტებზე ორიენტაცია)

ილიაუნი საუკეთესო უნივერსიტეტია სამეცნიერო შედეგების თვალსაზრისით სამხრეთ კავკასიაში (იმ საერთაშორისო ბაზაში, რომელშიც 2009 წელს 2 სტატია გვქონდა გამოქვეყნებული, 2018-ში 300-მდე სტატიაა ილიაუნის სახელით).

მოვიპოვეთ ყველაზე მეტი ერაზმუსის პროექტი, მათ შორის - პირველებმა და ერთადერთებმა, როგორც ევროპული უნივერსიტეტების სრულფასოვანმა პარტნიორმა;

და კიდევ მრავალი სხვა მიღწევა", - წერს რექტორი.

ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად, ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის. ის ამას ცვლილებების შიშს უკავშირებს.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე წერს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად, ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის. ის ამას ცვლილებების შიშს უკავშირებს.

"პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორგანიზაციას, რომლის შედეგად სამწუხაროდ აღარ ვარ სკოლის დეკანი.

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის", - წერს ქადაგიძე. 

ის ასევე აქვეყნებს რამდენიმე კვირის წინ აკადემიური საბჭოსთვის მიწერილ წერილს, რომელიც, მისი თქმით, ე.წ. რეორგანიზაციის მიზეზს ნათელს ხდის.

გიორგი ქადაგიძე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი 2018 წლის იანვარში გახდა.

კომენტარები