ფარული ჩანაწერები

შსს: პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებისთვის 16 პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 16 პირი არის დაკავებული. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ბორცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები სოციალური ქსელისა და მობილური აპლიკაციების საშუალებით ინახავდნენ და ავრცელებდნენ პირადი ცოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერებს. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ 
პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით. მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ ჩაერთონ დანაშაულებრივ საქმიანობაში და შეწყვიტონ მსგავსი ვიდეოჩანაწერის ნებისმიერი სახით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. გამოძიება გრძელდება პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელი სხვა პირების დასადგენად. ყველა იმ პირის მიმართ, ვინც გამიზნულად ან სხვაგვარად ახდენს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელებას, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები." - თქვეს შსს-ში მაგართულ ბრიფინგზე. 

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ უმრავლესობის ყოფილმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს. 

კომენტარები