გამოცდების გაუქმება

შაშკინი გამოცდებზე: ბავშვებს ატესტატს "ბამბანერკების," გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ

‘’მსოფლიოში არ არის ნორმალური ქვეყანა, სადაც მოსწავლეები გამოცდებს არ აბარებენ." - ერთიანი ნაცონალური მოძრაობის წევრი და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების გაუქმების შესახებ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას ეხმაურება. შაშკინი ამბობს, რომ გამოცდების გაუქმებით სკოლებში კორუფცია დაბრუნდება და გამოცდებს არა გაუქმება, არამედ დახვეწა სჭირდება. ყოფილი მინისტრი ასევე ამბობს, რომ სამინისტროში ამ მიმართულებით წინა ხელისუფლების დროს დაგეგმილი რეფორმები არ განახორციელეს. 

"სკოლაში ბავშვი იძენს ისეთ უნარებს, რომელიც მთელი ცხოვრება დაეხმარება, რომ წარმატებული ადამიანი იყოს. მთელ მსოფლიოში არის კონსესუსი, რომ არსებობს რვა საგანი, რომლის სწავლაც აუცილებელია და არცერთი საგნის დაკნინება არ შეიძლება. არა იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა, არამედ იმიტომ, რომ დამტკიცებულია, ამ რვა საგნის სწავლით ბავშვს უვითარდება უნარები, რომელიც ცხოვრებაში დასჭირდება. ეს რვა საგანია: მშობლიური ენა, უცხო ენა, ისტორია, გეოგრაფია , ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და მათემატიკა. საატესტატო გამოცდების გაუქმებით მოხდება ფიზიკის, მათემატიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის განადგურება სკოლებში, ეს ყველაფერი უკვე ვნახეთ 90-იან წლებში. საატესტატო გამოცდების გაუქმებით სკოლებში დაბრუნდება კორუფცია, ბავშვებს ატესტატს ‘’ბამბანერკების’’, გოჭებისა და ფულის სანაცვლოდ მისცემენ. 2012 წლის შემდეგ, ყოველწლიურად უარესდებოდა საატესტატო გამოცდების მაჩვენებელი. მას სჭირდება დახვეწა და არა გაუქმება. საატესტატო გამოცდები, როდესაც შემოვიღეთ, ეს იყო სატესტო რეჟიმი, და 2013 წლიდან გადავდიოდით მოდელზე, რომელიც არის ევროპაში და ამერიკაში, როდესაც არსებობს, GPA, გამოცდები 8 საგანში და იქნებოდა ერთი უნარების გამოცდა, ისევე როგორც არის მთელ მსოფლიოში. ეს რეფორმა დარჩა მარგველაშვილის კაბინეტში, მაგრამ გააუქმეს და მიწაში ჩადეს. გამოცდები, რომელიც სატესტო რეჟიმში მხოლოდ ორი წლის განმავლობაში უნდა ჩატარებულიყო, ტარდება 8 წლის განმავლობაში,’’ - თქვა დიმიტრი შაშკინმა.

28 იანვარს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გაავრცელა ინფრომაცია, რომ წელს მე-11 კლასელები საატესტატო გამოცდებს აღარ ჩააბარებდნენ. თუმცა, გამოცდები სავალდებულო რჩებოდა მე-12 კლასელებისათვის. რამდენიმე დღეში მე-12 კლასელებმა საპროტესტო აქციები გამართეს და გამოცდების მათთვისაც გაუქმება მოითხოვეს.

1 თებერვალს პრემიერმინისტრმა​ მამუკა ბახტაძემ, მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ  წელს საატესტატო გამოცდები დამამთავრებელი კლასისთვისაც მოისხნა. ასევე, როგორც ცნობილია 2020 წლიდან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. 

კომენტარები