სასამართლო რეფორმა

"ოცნება": სასამართლოს თვითგამორკვევის საშუალება მივეცით, არ დავუშვებთ მის დისკრედიტაციას

ტაბულა

ქართული ოცნების პოლიტსაბჭო სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და საკუთარ თავს "ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას" უწოდებს. "ოცნების" შეფასებით, ბოლო პერიოდში, "სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციის მიზნით" პოლიტიკურად მოტივირებული კამპანია მიმდინარეობს. 

"ახალს არაფერს ვიტყვით, თუ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სახელმწიფო, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა ოცნებამ სამართავად ჩაიბარა, იყო სახელმწიფო, სადაც ადამიანი სამართალს ვერ იპოვიდა. ყველას გვახსოვს, რომ ტოტალიტარულმა სახელმწიფო მანქანამ სასამართლო ხელისუფლება, უკლებლივ ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტის მსგავსად, საკუთარი რეპრესიული პოლიტიკის სამსახურში ჩააყენა და საზოგადოების დათრგუნვის ერთ-ერთ ინსტრუმენტად აქცია.

ამ ფონზე, ჩვენ, ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის განაცხადით ხელისუფლებაში მოსულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამომრჩეველთა განწყობების მიუხედავად და, გარკვეულწილად, ამ განწყობების საწინააღმდეგოდაც კი, უარი ვთქვით სასამართლო სისტემის გარდაქმნის არაკონსტიტუციურ მეთოდზე. ჩვენ უარი ვთქვით სისტემის რევოლუციური წმენდის მანკიერ პრაქტიკაზე და მისი გაჯანსაღების რთული, თუმცა, ერთადერთი კანონიერი გზა ავირჩიეთ - პოლიტიკური წნეხის მოხსნით, სასამართლო ხელისუფლებას მივეცით თვითგამორკვევის საშუალება, რათა პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუტი კანონის სამსახურში ჩამდგარიყო და, იმავდროულად, მისი ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკანონმდებლო უზრუნველყოფის გზით, სისტემის თვისებრივი გაუმჯობესებისათვის მიგვეღწია" - აცხადებს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო.

მმართველი გუნდის შეფასებით, 10 უვადოდ დასანიშნი მოსამართლის შერჩევის პროცესში, "სასამართლო ხელისუფლებაზე გაგრძელდა პოლიტიკური შეტევა და მედიაშტურმი, რომლის ავანგარდში ნაციონალური მოძრაობა, მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები და მასთანვე წლების განმავლობაში შეზრდილი და აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფესიული გაერთიანებების მოქმედი თუ ყოფილი ლიდერები ჩადგნენ". ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ოპონენტების რიტორიკას "შეურაცხმყოფელს და უკიდურესად დესტრუქციულს" უწოდებს.

"ეს ცხადყოფს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კეთილშობილურ ამოცანასთან და იგი სრულად წარმოადგენს კონკრეტული ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგზე მორგებულ და ამ პოლიტიკური ძალის მიერ ორკესტრირებულ შეტევას, რომლის მიზანია დასაჯონ ყოფილი ხელისუფლების გავლენებიდან გასული „ურჩი“ სასამართლო კორპუსი.

ამ ფონზე, მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ დადგება პროცესებს მიღმა და არ დაუშვებს, ჩვენი - საზოგადოებისა და ხელისუფლების - ერთობლივი მონაპოვარის - თვისებრივად გაუმჯობესებული სასამართლო ხელისუფლების უსამართლო, უკანონო და აბსოლუტურად მიუღებელ დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის მიზანია სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა, არ ჩაერთონ არაჯანსაღ პოლიტიკურ დაპირისპირებაში და ხელი შეუწყონ შედეგზე ორიენტირებული დისკუსიის წარმოებას სასამართლო სისტემის შემდგომი გაჯანსაღების თაობაზე.

ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცებისა და შემდგომი გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად“, - აცხადებს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო.

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის არიან ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს დასახელდა მმართველ გუნდში ბოლოდროინდელი დაპირისპირების ოფიციალურ მიზეზად.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

კომენტარები