უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია

"პატრიოტები": უკრაინაში მსოფლიო პატრიარქის ქმედებები ცალსახად უარყოფითად უნდა შევაფასოთ

0 კომენტარი
ფოტო: ipress

პატრიოტთა ალიანსის ლიდერები დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი უკრაინის ავტოკეფალიის თემაზე მორიგ წერილს ავრცელებენ. მათი თქმით, ადრესატი ქართული საზოგადოებაა. პირველ განცხადებაში, პატრიოტთა ალიანსის წევრებმა საპატრიარქოს მოუწოდეს, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი არ დაუჭიროს.

დავით თარხან-მოურავის და ირმა ინაშვილის აზრით, მსოფლიო პატრიარქმა "მართლმადიდებლობის კანონი, ტრადიცია და ეთიკა დაარღვია და უკრაინაში თავისი ფილიალი გახსნა". ამასთან, "პატრიოტებს" მიაჩნიათ, რომ "რუსეთის მიმართ შურისძიების სურვილს უნდა მოვერიოთ და საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ ანუ ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაში". მათი შეფასებით, ეს საქართველოს სახელმწიფოს სიკეთეს მოუტანს პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

"სიმართლე და რეალობა ისაა, რომ დღეს უკრაინაში მოქმედებს ორი ურთიერთდაპირისპირებული ეკლესია: მოსკოვს დაქვემდებარებული თვითმმართველი ეკლესია და სტამბოლს დაქვემდებარებული ავტოკეფალური ეკლესია. რეალურად, მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებლობის კანონი, ტრადიცია და ეთიკა დაარღვია და უკრაინაში თავისი "ფილიალი“ გახსნა, ამიტომაც 13-დან 9 ავტოკეფალურმა ეკლესიამ ღიად ისაუბრა განხეთქილებაზე მართლმადიდებლობის წიაღში, ზოგიერთმა კი - პოლიტიკურ სარჩულზეც.

აღსანიშნავი და დამაფიქრებელია, რომ 2019 წლის 3 თებერვალს, უკრაინის ავტოკეფალური ეკლესიის საჭეთმპყრობლის აღსაყდრებას თავად მსოფლიო პატრიარქიც არ დაესწრო და სანაცვლოდ საფრანგეთის, კანადის და აშშ-ს მიტროპოლიტები წარგზავნა, ათონის 20 მონასტრიდან კი მხოლოდ სამი მონასტრის წარმომადგენელი დაესწრო. ცხადია, ტაძარში იმყოფებოდა პეტრე პოროშენკო, რომელიც საერთოდ არ არის მართლმადიდებელი, ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლია და ამიტომაც მას ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი სვიატოსლავი ახლდა.

საგულისხმოა, რომ ტაძარში 150-მდე ადამიანი იყო, ტაძრის მოედანი კი - ცარიელი. აღსაყდრებას არ დასწრებია მსოფლიოს არც ერთი მართლმადიდებელი პატრიარქი ან მისი წარმომადგენელი. ვერ დაესწრო განხეთქილების ინიციატორი - მიტროპოლიტი ფილარეტიც, რამეთუ ჯანრთელობის გაუარესების გამო, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მაგრამ ჩვენთვის აქ სრულიად სხვა ასპექტია საინტერესო: რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ უკრაინის თვითმმართველ ეკლესიაში 95 ეპისკოპოსი იყო, აქედან 3 განკვეთეს, დარჩენილ 92 ეპისკოპოსს შორის 69 უკრაინაში დაიბადა, გაიზარდა და ეროვნებით უკრაინელია. ძალზედ დამაფიქრებელია, რომ ამ 69 უკრაინელი ეპისკოპოსიდან 67-მა უკრაინის ავტოკეფალია უარყო და მხოლოდ 2 გადავიდა უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაში. ვფიქრობთ, საუბარი იმაზე, რომ ეს 67-ვე ეპისკოპოსი რუსეთის აგენტია და სამშობლო არ უყვარს არაა მართებული. მეტიც, გაოცებას იწვევს ჩვენი ენთუზიაზმი: მაშინ, როცა უკრაინის ავტოკეფალიას მხარი მხოლოდ ორმა უკრაინელმა ეპისკოპოსმა დაუჭირა, ცხრა ქართველი ეპისკოპოსი მიესალმა ამ ფაქტს" - ნათქვამია ღია წერილში.

პატრიოტთა ალიანსის განცხადებითვე, "უნდა გავაცნობიეროთ, რომ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დიდ ნაწილს, - ნახევარზე მეტს, - დღეს მსოფლიო პატრიარქი აკონტროლებს და კარგა ხანია ამ ფაქტის დაკანონება სურს. ასეთივე სურვილი აქვს მსოფლიო პატრიარქს ცხინვალთან მიმართებაშიც. მეტიც, ანტიოქიის ეკლესიის სამღვდელოება ღიად საუბრობს, რომ მსოფლიო პატრიარქს ლიბანის ეპარქიის მიტაცება უნდა. სერბეთის ეკლესია კი შიშობს, რომ მსოფლიო პატრიარქს ჩერნოგორიისა და მაკედონიის ეპარქიების მიტაცებაც სურს. რაც შეეხება უკრაინას, აქ მსოფლიო პატრიარქმა თავის "მტაცებლურ“ სურვილებს ხორცი უკვე შეასხა...

...ცხადია, ჩვენ ძალზედ გულნატკენნი ვართ რუსეთის სახელმწიფო და საეკლესიო პოლიტიკით და ცხინვალში, მაგრამ შურისძიების სურვილს ახლა უნდა მოვერიოთ. მიგვაჩნია, რომ უკრაინაში რუსეთს უნდა ვუპასუხოთ საპირისპირო ქმედებით, ვუპასუხოთ კანონიკური და ჭეშმარიტად მართლმადიდებლური პოზიციით, ანუ ცალსახად უარყოფითად შევაფასოთ მსოფლიო პატრიარქის ქმედებანი უკრაინაში. ამგვარი მიდგომა რელიგიური თვალსაზრისითაც მართებული იქნება და, ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფოსაც სიკეთეს მოუტანს, პოლიტიკური და საზოგადოებრივი თვალსაზრისით" - ნათქვამია ღია წერილში.

მიტროპოლიტი ეპიფანე კიევისა და სრულიად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლის ტახტზე 3 თებერვალს აღსაყდრდა. ცერემონიაში მსოფლიო საპატრიარქოს გალიის მიტროპოლიტი, ემანუელიც მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპატრიარქოს ეწვია. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინელი ხალხისთვის ავტოკეფალიის მიღება ჯერაც არ მიულოცავს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 15 დეკემბერს კიევში, წმიდა სოფიის ტაძარში შეკრებილმა უკრაინელმა მღვდელმთავრებმა, ეკლესიათა გაერთიანება გამოაცხადეს და ერთიანი, ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ მწყემსთავრად, პერიასლოვისა და ბილოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს, რომელიც იქამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი იყო და ამავე ეკლესიის პატრიარქის, ფილარეტის მხარდაჭერით სარგებლობდა.

მართვა-გამგეობის ახალი დებულებით გაერთიანებული ეკლესიის საჭეთმპყრობელი კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის ტიტულს ატარებს.

კონსტანტინოპოლმა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსი 2019 წლის 6 იანვარს გადასცა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები