აშშ

ტრამპის გამოსვლა კონგრესში: მივაღწიოთ შეთანხმებას რომელიც ამერიკას უსაფრთხოს გახდის

დონალდ ტრამპი, მაიკ პენსი, ნენსი პელოსი
shutterstock

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლისას სასაზღვრო კედლის მშენებლობაზე და რობერტ მალერის სპეციალურ გამოძიებაზე ისაუბრა.

ტრამპმა დემოკრატებს და რესპუბლიკელებს 15 თებერვლამდე სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხზე კომპრომისის გამონახვისაკენ მოუწოდა:

"წარსულში ამ ოთახში მყოფთაგან ბევრს მიუცია ხმა კედლის მშენებლობისათვის, მაგრამ შესაფერისი კედელი არასოდეს აშენებულა. მე ავაშენებ მას. მარტივად რომ ვთქვათ, კედლები მუშაობენ და კედლებს სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. ამიტომ ვიმუშაოთ ერთად, წავიდეთ კომპრომისებზე და მივაღწიოთ შეთანხმებას რომელიც ამერიკას მართლაც უსაფრთხოს გახდის."

მისივე თქმით საზღვრებს გარეთ ომებში აშშ-ის შესაძლო ჩართულობასთან ერთად მისი ადმინისტრაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება ქვეყნის ეკონომიკას აყენებს საფრთხის ქვეშ:

"აშშ-ში ეკონომიკური საოცრება ხდება და ერთადერთი, რასაც ამის შეჩერება შეუძლია არის სულელური ომები, პოლიტიკა და სასაცილო, მიკერძოებული გამოძიებები. თუ გვინდა მშვიდობა და კანონმდებლობა, ვერ იქნება ომი და გამოძიება."

ტრამპმა კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრის დრო და ადგილიც გამოაცხადა. მეორე სამიტი ვიეტნამში 27-28 თებერვალს გაიმართება.

ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო შეთანხმებაში სტრუქტურული ცვლილებების აუცილებლობაზე, ავღანეთში თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, აშშ-ის ჯარების სამშობლოში დაბრნებაზე, სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე, და ვენესუელაში მადუროს რეჟიმის შეცვლაზე ისაუბრა.

"ჩვენ თავისუფლები დავიბადეთ და თავისუფლებად დავრჩებით. დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ამერიკა არასოდეს იქნება სოციალისტური ქვეყანა. ამერიკა თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზეა დაფუძნებული და არა მთავრობის მხრიდან იძულებაზე, მბრძანებლობაზე და კონტროლზე." თქვა ტრამპმა.

მისი გამოსვლა 82 წუთს გაგრძელდა. მას სენატისა და წარმომადგენელთა პალატის წევრები, სამხედრო პირები, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. დემოკრატი კონგრესმენი ქალების ნაწილმა თეთრი ტანსაცმელი ჩაიცვა ქალებისათვის ხმის მიცემის უფლების მინიჭებიდან 100 წლის აღსანიშნავად. როდესაც ტრამპმა აღნიშნა, რომ დასაქმებული ქალების რიცხვი გაიზარდა და მათ შორის კონგრესში ქალების რაოდენობა, მათ ფეხზე წამოდგომით აღნიშნეს ეს.


ფოტო: Reuters

შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის პროექტზე უთანხმოების გამო აშშ-ის მთავრობა ერთ თვეზე მეტხას იყო დახურული. საბოლოოდ ტრამპი მთავრობის გახსნას დათანხმდა, თუმცა მხოლოდ 15 თებერვლამდე. მან ხელი მოაწერა დროებითი ბიუჯეტის პროექტს, რომელიც სასაზღვრო კედლის მშენებლობის ხარჯებს არ მოიცავს. ის სასაზღვრო კედლისათვის ბიუჯეტში 5.7 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითხოვს.

სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის როლს და დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიასთან მათ კავშირს იძიებს.

კომენტარები