გამოცდების გაუქმება

კაპანაძე: ზოგადი უნარები უნდა გახდეს სავალდებულო კანონის დონეზე

პარლამენტი

"დღეს, ჩვენ ვახდენთ კანონმდებლობის ინიცირებას, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და განისაზღვორს ზოგადი უნარების ტესტი და ასევე სახელმწიფო გრანტი, რომელიც ნაწილდება სტუდენტებზე და გახდეს სავალდებულო", - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე

მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, საფრთხეს უქმნის მომავალი თაობის კეთილდღეობას.

კაპანაძის თქმით, ევროპული საქართველო კანონპროექტის ინიცირებას გეგმავს, რომლის მიხედვითაც, უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად ზოგადი უნარების გამოცდა კვლავ სავალდებულო უნდა გახდეს, როგორც ეს ბოლო 15 წლის განმავლობაში იყო.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ არცერთ კონკრეტულ ჩინოვნიკს არ ქონდეს იმისი მიდრეკილება, რომ თავისი რაღაც ხუშტურით ან შეხედულების გამო ხელის აღებით გააუქმოს ზოგადი უნარების გამოცდა ისე რომ არცერთი არგუმენტი არ მოიყვანოს და არცერთი არგუმენტით არ წარდგეს პარლამენტის წინაშე", - ამბობს სერგი კაპანაძე.

დეპუტატის ცნობით, საპარლამენტო უმცირესობა ევროპული საქართველო კანონპროექტის ინიცირებას დღეს გეგმავს.

"ჩვენ ვახდენთ დღეს ინიცირებას, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში 54-55 მუხლებში შევიდეს ცვლილებები და განისაზღვორს ზოგად უნარებში ტესტი გახდეს სავალდებულო და ასევე სახელმწიფო გრანტი, რომელიც ნაწილდება სტუდენტებზე და ეს არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ელემენტი იმისა, რომ კორუფცია აღარ იყოს უნივერსიტეტებში. ასევე განაწილდეს მათ შორის ზოგად უნარებში მიღებული ქულის შესაბამისად. ეს არის ინიციატივა რომელიც დარეგისტრირდება დღეს და მე მოვუწოდებ ყველა წევრს საქართველოს პარლამენტისას მიუხედავად იმისა რომელი პოლიტიკური პარტიის წევრები არიან ისინი, ვიცი რა რომ მათ შორის "ქართული ოცნების" მხრიდან არიან უკმაყოფილო ამ კვაზი რეფორმით. მოვუწოდებ მათ რომ შემოუერთდდნენ ამ ინიციატივას და ერთად გავაკეთოთ ისე, რომ რომელიღაც კონკრეტულ ინდივიდს არ ქონდეს საშუალება ყირაზე დააყენოს მეტ-ნაკლებად მოქმედი და მომუშავე განათლების სიტემა, კონკრეტულად კი ის ნაწილი რომელიც ეხება უმაღლესებში მოხვედრას", - ამბობს კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების მიხედვით, წელს მე-11 და მე-12 კლასელები საატესტატო გამოცდებს არ ჩააბარებენ, ხოლო 2020 წლიდან გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება. ასევე 2020 წლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება. კონკრეტულად კი, უმაღლეს სასწავლებლებს ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, თავად დაამატონ საკუთარი პროგრამის რელევანტური გამოცდა, მათ შორის ზოგადი უნარები.

კომენტარები