ბესელია უმრავლესობიდან წასვლაზე: რამდენიმე დღეს ავიღებ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღო

ტაბულა

"ალბათ დადგა და მომწიფდა ის ეტაპი, როდესაც მეც და რამდენიმე ადამიანმა ალბათ, ჩვენი საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ," - ეკა ბესელია ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დატოვებს თუ არა უმრავლესობას, რამდენიმე დღე სჭირდება. ამის შესახებ მან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. 

"დღეს ვიმსჯელეთ ძალიან მნიშვნელოვან ფასეულობით საკითხებზე, რომელიც არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის. ეს ეხება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელმაც უნდა შეგვაძლებინოს, ან ერთად ვიაროთ ამ რთული პოლიტიკური პროცესის შემდეგ, ან შეიძლება ეს ვერ მოვახერხოთ. ამიტომ როდესაც ვსაუბრობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგალითად როგორიც არის, თუ როგორ ვაფასებთ იმ მოვლენებს რაც წარსულში იყო, იმ ძალადობრივი რეჟიმის დროს, სააკაშვილის რეჟიმს ვგულისხმობ, მის ძალადობრივ და სასტიკ სისტემას, როდესაც ვსაუბრობთ ვის აქვს პასუხიმგებლობა იმ სისტემაზე და ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებლობის მიღმა, ეს არის ფუნდამენტური საკითხები და აჩვენებს როგორ ვუყურებთ მომავალს. მომავლის ნაბიჯებში იმ ფასეულობებს უნდა ვიცავდეთ რა ფასეულობებითაც მოვიდა 1 ოქტომბერი, როგორც გამარჯვების სიმბოლო. იქედან გამომდინარე, რომ არ მინდა რაიმე ჩვენი ნაბიჯით ხელი შევუწყო სააკაშვილის და მისი ძალადობრივი სისტემის მობრუნებას, არ მინდა რამე შანსი მივცეთ შემოტრიალების იმ ძალადობრივ სისტემას, ამიტომ უნდა დავინახოთ შემდეგი ნაბიჯები როგორი უნდა იყოს. მე პირადად რამდენიმე დღეს ავიღებდი რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ, ჩვენ შევძლებთ ამ ფასეულობების გარშემო გაერთიანებას და ერთად გაგრძელებას, თუ ვერა. ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, იმ პარტიას რომლის დამფუძნებელი ვარ, რომელიც 7 წელია ჩემს ხელში ფორმირდება, ჩემთვის ძალიან ემოციური პროცესია, მაგრამ არის გადაწყვეტილების ეტაპი. " - ამბობს ბესელია. 

ბესელია ასევე ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ შესთავაზა გუნდის დაპირისპირებულ წევრებს, რომ საჯარო პოლემიკას წერტილი დაუსვან და ერთად გააგრძელონ შემდგომი პროცესები. ბესელია ამბობს, რომ მის გარიცხვაზე საუბარი არ ყოფილა. 

"ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, მიუხედავად იმისა ვისი განცხადება არის სწორი ან არასწორი, მოდი დღეს დასრულდეს საჯარო პოლემიკა და არ ვისაუბროთ გარეთ, საჯაროდ არ ვიყოთ ერთმანეთთან დებატებში, ესეც გასაგებია და მესმის, მაგრამ ახლა გვაქვს არაორდინალური პოლიტიკური მოცემულობა. დღევანდელმა შეხვედრამ არჩევანის წინაშე დამაყენა, ფასეულობებზე და ღირებულებებზე როცა ვლაპარაკობდი. პარტიის თავმჯდომარე დღევანდელი დღის ჩათვლით, არავის პასუხისმგებლობის საკითხს არ აყენებს, ამბობს, რომ მოდი ხვალიდან გავაგრძელოთ ამ გზით სიარული. თუმცა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ღირებულებით საკითხზე შეგვიძლია ერთად ვიაროთ თუ არა. ივანიშვილმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი განსხვავებული მოსაზრება ისმის, ამ დღეების განმავლობაში, დავსვათ აქ წერტილი, ნუ შევალთ ამ დეტალების განხილვაში, ვინ მართალია და ვინ არა და ვინ დაიწყო და ვინ არა. მოდით დავასრულოთ ეს საჯარო დისკუსია და კონფლიქტი. რა თქმა უნდა კარგია რომ შიგნით ვისაუბროთ, მაგრამ არის საკითხები, რომელზედაც გარეთ უნდა ესაუბრო ხალხს," - ამბობს ბესელია. 

ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების მიზეზი, უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების სია გახდა. სიის წარდგენის შემდეგ გადადგა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელია და თქვა, რომ მისი ამ გადაწყვეტილებით სიის განხილვის პროცესი შეაჩერა. 

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით". 

კომენტარები